ახალი ამბები
ვიწყებთ მასობრივი შიმშილობის აქციას - მელია
"ნაციონალური მოძრაობა" შიმშილობის მასობრივ აქციას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ნიკა მელიამ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო შეკრებაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ კონსტიტუციური უფლება აქვთ, მოცემული ფორმით გამოხატონ პროტესტი.

"მე მეგობრებთან ერთად, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიქნებით იმაზე მეტნი, ვიდრე მავანს წარმოუდგენია, მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას - დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, ეს კონსტიტუციური უფლებაა, ეს არაძალადობრივი მეთოდია პროტესტის გამოთქმის, მაგრამ მძიმეა", - აღნიშნა ნიკა მელიამ.

მისივე სიტყვებით, არ სურთ ბავშვებს ახალი წლის ზეიმში ხელი შეუშალონ, არც სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებული პროცესი შეაფერხონ, ამიტომ შიმშილობა კახეთის გზატკეცილზე, პარტიის ცენტრალური ოფისის მიმდებარედ გამოცხადდება.

აქციაზე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარეობს და მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს დაამთხვიეს, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები რეგიონებიდან, მათ შორის სამეგრელოდან შეიკრიბნენ.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, პირველ ოქტომბერს დააკავეს, 50 დღე შიმშილობდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 20 ნოემბერს სააკაშვილი გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას აგრძელებს.

პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.