ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან მცხოვრები სტუდენტების დაფინანსება გაგრძელდება - სახელმწიფო მინისტრი
გამყოფი ხაზების კომისიის გადაწყვეტილებით, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება.


"სახელმწიფო აგრძელებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვას, მათ საჭიროებებზე საპასუხო ძალისხმევას და მხარდაჭერას მათთვის ცხოვრების სათანადო პირობების უზრუნველყოფისთვის. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტო, რომ უსაფუძვლოა ამ საკითხებზე ბოლო თვეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს შეჩერდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები. უფრო მეტიც, 2013 წლიდან დღემდე, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის არც ერთ სხდომას უმსჯელია, რომელიმე სოფლისთვის სტატუსის შეჩერების თაობაზე ან იმ სტუდენტების დაფინანსების შეწყვეტაზე, რომლებიც აკმაყოფილებენ წლების განმავლობაში დაზუსტებულ და მოქმედ კრიტერიუმებს. გუშინ და დღეს გაიმართა სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომები, რომლებზეც მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები როგორც მოსახლეობისთვის გათბობის უზრუნველყოფისთვის ფინანსური მხარდაჭერის თაობაზე, ასევე სტუდენტებისთვის 2021-22 სასწავლო წლის უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ", - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებაში.