ახალი ამბები
ჩხოროწყუს საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე ჰყავს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ოპოზიციონერი კანდიდატი აირჩია თავმჯდომარედ. მომდევნო ოთხი წელი წარმომადგენლობით ორგანოს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, შოთა წურწუმია უხელმძღვანელებს. მას მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა. გაბათილდა ერთი ბიულეტენი.

შოთა წურწუმია მუშაობდა მერიის კულტურის სამსახურში. ამასთან, იყო წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო "ქართული ოცნებიდან".

მანამდე მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ჯუმბერ იზორიამ მიმართა დეპუტატებს, "ჩხოროწყუს სიყვარულით" კიდევ ერთხელ ესაუბრათ და არ მიეღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება. საპასუხოდ გახარიას პარტიის წევრმა, თავმჯდომარეობის კანდიდატმა შოთა წურწუმიამ აღნიშნა, რომ მათ არავისთვის, არც "ლელოსთვის" და არც ენმ-სთვის არ უკარნახიათ, თუ ვისთვის მიეცათ ხმა.

სხდომას 27-ვე წევრი ესწრებოდა. თუმცა მასში მონაწილეობა "ოცნებას" არ მიუღია. "ქართული ოცნების" წევრ ჯანო პერტაიას განცხადებით, თავად არ დაასახელეს კანდიდატი, რადგან იციან, რომ ოპოზიცია წინასწარ შეთანხმდა ერთმანეთში.

მართველ პარტიას კანდიდატი არ დაუყენებია, რადგან აღნიშნეს, რომ ოპოზიცია უკვე ერთმანეთში იყო შეთანხმებული.

ჩხოროწყუს ახალი მოწვევის საკრებულო პირველად 17 ნოემბერს შეიკრიბა. თუმცა ამ დრომდე თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდა.

წინა სხდომაზე ჩატარდა კენჭისყრა, რომელშიც მხოლოდ მმართველი გუნდი და "საქართველოსთვის" მონაწილეობდნენ. 19-დან 7 ბიულეტენი გაბათილდა. შედეგად, "ოცნების" წარმომადგენელ ჯუმბერ იზორიას კანდიდატურა ჩავარდა თავმჯდომარის პოზიციაზე.

ჩხოროწყუს საკრებულომ ვერც მეორე სხდომაზე შეძლო თავმჯდომარის არჩევა. სხდომაზე ორი კანდიდატი იყო წარდგენილი. პარტია "საქართველოსთვის" შოთა წურწუმია და "ქართული ოცნებიდან" ჯუმბერ იზორია. ოპოზიციის მიერ ღიად გამოცხადებული მხარდაჭერის მიუხედავად, შოთა წურწუმიამ - 12 ხმა მიიღო, ჯუმბერ იზორიამ -13. ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა.