ახალი ამბები
ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ენმ-ის წევრი აირჩიეს
ჩხოროწყუს საკრებულოს ახალადარჩეული თავმჯდომარის, შოთა წურწუმიას მიერ პირველ მოადგილედ დასახელებული კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან", რამაზ თოლორდავა ოპოზიციამ ერთხმად, 15 ხმით აირჩია. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიუღია "ქართულ ოცნებას".

საკრებულოში ნახევარ საათიანი შესვენება გამოცხადდა, რომლის შემდეგაც მეორე და მესამე მოადგილეები უნდა აირჩიონ.

ჩხოროწყუს საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე ჰყავს. მომდევნო ოთხი წელი წარმომადგენლობით ორგანოს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, შოთა წურწუმია უხელმძღვანელებს. მას მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა. გაბათილდა ერთი ბიულეტენი.

მმართველი პარტია სხდომას ესწრებოდა, თუმცა კენჭიყრაში მონაწილეობა არ მიუღია. მათ არც კანდიდატურა დაუყენებიათ, რადგან თქვეს, რომ ოპოზიცია ერთმანეთში უკვე შეთანხმებული იყო.

"ქართული ოცნება" გამოეხმაურა ჩხოროწყუს საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში მმართველი პარტია ამბობდა, რომ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" და "ნაციონალური მოძრაობა" საერთო თამაშს თამაშობდნენ, საკუთარი ქმედებებით კი გიორგი გახარია სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხამდა წყალს.