ახალი ამბები
წალენჯიხის საკრებულომ თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვერც დღევანდელ სხდომაზე აირჩიეს. წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის პოზიციაზე დასახელდა პარტია "საქართველოსთვის" წევრ კორნელი სალიას კანდიდატურა.

როგორც წალენჯიხის საკრებულოს აპარატში განაცხადეს, დღევანდელ სხდომაზე საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებია "ქართულ ოცნებას". მმართველმა გუნდმა წხდომის გადადება მოითხოვა.

საბოლოოდ დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ სხდომა 11 იანვრამდე გადადებულიყო.

წალენჯიხის საკრებულო 27 წევრისგან შედგება. საკრებულოში "ქართულ ოცნებას" 11 დეპუტატი ჰყავს. ამდენივე "ნაციონალურ მოძრაობას", პარტიას "საქართველოსთვის" 3, ხოლო "ლელოს" 1 დეპუტატი. 1 კი დამოუკიდებელი დეპუტატია.

წალენჯიხისგან განსხვავებით, საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს დღეს ჩხოროწყუში. ჩხოროწყუს საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე, პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი შოთა წურწუმია ჰყავს. მისი პირველი მოადგილე კი ენმ-ის დეპუტატი რამაზ თოლორდავაა.