ახალი ამბები
მესტიაში აამოქმედეს შევარდნაძის დროინდელი საქართველოს დენის გრაფიკის მინი მოდელი - სააკაშვილი
სვანეთში არსებულ ელექტროენერგიის პრობლემებს, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ეხმაურება. მისი განცხადებით, დღეს სვანეთი და მთლიანად საქართველო ყაჩაღების ხელშია. მათ შორის, გადაწყვიტეს, ხელისუფლებასთან დაკავშირებული პატარა ჯგუფის ფულის საკეთებელ ობიექტად ექციათ მესტია და გახსნეს ბიტკოინის მაინინგის პუნქტები.

"ჩვენს მიერ ოფლით და სისხლით გაყვანილი "უფასო" დენის ექსპლუატაციით, იმდენად დიდი სიხარბით აკეთებენ ფულს, რომ ახლა მესტიაში აამოქმედეს მუდმივი დენის გრაფიკი - დღეში მხოლოდ 4 საათი. ეს არის მინი მოდელი შევარდნაძის დროინდელი საქართველოსი, როდესაც დენს ყიდდნენ თურქეთში და საქართველო იყო წყვდიადში, მითიურ მე-9 ბლოკზე ჩამოკიდებული.

იმედია, მესტიელები ამოიღებენ ხმას და წყალში არ გადაყრიან ჩემი პრეზიდენტობის დროს მათთვის შექმნილ დოვლათს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, როცა 2009 წელს მესტიის ტურისტული სექტორის განვითარების პროექტი დავიწყეს, მთავარი საზრუნავი ადგილობრივი მოსახლეობისთვის მუდმივი შემოსავლის წყაროს შექმნა იყო. ამიტომ, არსებული პირობების გათვალისწინებით, კომუნისტების დროიდან, სადაც ელექტროენერგიის ძალიან სუსტი სიმძლავრეები იყო, "გზის რეკორდულ ვადებში მშენებლობის პარალელურად", ერთი ზამთრის განმავლობაში, ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში, ენერგეტიკის სამინისტროს 24-საათიანი მუშაობის შედეგად, მაინც გაიყვანეს მძლავრი ელექტროსადენები.

"სამუშაო პროცესი მაშინაც არ გაჩერებულა, როდესაც მუშების ტრაგიკული დაღუპვა დაგვატყდა თავს, რასაც სამწუხაროდ ადგილი ჰქონდა დიდთოვლობაში ზვავის ჩამოწოლის გამო. ხაზიც გავიყვანეთ და სათხილამურო კურორტის ინფრასტრუქტურაც შევქმენით მომდევნო ახალი კურორტის მშენებლობის პარალელურად, თეთნულდზე.

ჩემი ვარაუდით, ზემო სვანეთს წელიწადში შეეძლო ჰქონოდა ერთი მილიონი მაღალშემოსავლიანი ტურისტის მიღების სერვისი. ეს იყო მაშინ, მაგრამ ახლა, სვანეთიც და მთელი საქართველოც ყაჩაღების ხელშია", - აცხადებს ექსპრეზიდენტი.

მესტიის მერიაც ადასტურებს, რომ უკვე ბოლო რამდენიმე წელია ელექტროენერგიის პრობლემები აქვთ. მათი ცნობით, ვითარება ყოველ წელს უფრო მეტად მძიმდება და დღეს შუქის მოხმარებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამ ფონზე კი, მუნიციპალიტეტი ჩაბნელების საფრთხის წინაშეა, რაც თავისთავად მძიმე იქნება ტურიზმისთვის.

"დასამალი არ არის, რომ მთავარი მიზეზი ე.წ მაინერების მომრავლებაა. სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფოორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სრული მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჭიროა 7 მეგავატი ელექტროენერგია. ამის ფონზე კი, დღეს მესტიის მუნიციპალიტეტი მოიხმარს 27 მეგავატამდე ელექტროენერგიას. საყურადღებოა ისიც რომ გასული წლების მონაცემებთან შედარებით დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი", - აცხადებს მერია.

მათივე ინფორმაციით, არსებული ელექტროგადამცემი ხაზები ვერ უძლებენ გათვალისწინებულზე ოთხჯერ მეტ დატვირთვას, რის გამოც გახშირდა დაზიანებები. შედეგად, მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება.