ახალი ამბები
მეგრულ ენას რომ გადაარჩენს, ის ვაქცინა თბილისშია, ვითხოვთ მოგვცენ - საპროტესტო აქციის მონაწილეები
დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში მეგრულ-ლაზურ-სვანური ენების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილთა თქმით, ქართველური ენები გაქრობის წინაშეა, ამიტომ, სახელმწიფო რამე უნდა მოიმოქმედოს ამ შეუქცევადი პროცესის შესაჩერებლად. აქციისთვის მოქალაქეები სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, მათ შორის წალენჯიხიდან, ჩხოროწყუდან და ფოთიდან ჩამოვიდნენ.

შეკრების ორგანიზატორი ირაკლი ბუკია ამბობს, რომ ისინი არაფერს ანტისახელმწიფოებრივს არ ითხოვენ და აქციების რუსეთთან დაკავშირებაც არასწორია. მისი თქმით, მეგრულ ენას რომ გადაარჩენს, ის "ვაქცინა" თბილისშია და ითხოვენ, რომ მისცენ. ეს ვაქცინაა - ტელევიზია, დაწყებით კლასებში მეგრული ენის შემოღება, კვირაში 2-3 საათით მაინც და მეგრულენოვანი პრესა.

ირაკლი ბუკია: აქციის ორგანიზატორი

ირაკლი ბუკია აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი მოთხოვნა, შეცვლილი მეგრული ტოპონიმების დაბრუნებაა:

"მთელი ცხოვრება წენწყარში დავდიოთი ტანის დასაბანად. დღეს ტრაფარეტს აწერია ჭანისწყალი. ბევრ სოფელს სახელი შეეცვალა. იყო თარგამული, გახდა დავითიანი. გოჭკადილს გაჭედილი დაარქვეს. სახელის შეცვლა თუა საჭირო, ბევრი გვაქვს ისეთი სოფელი, რომელთაც კომუნისტური სახელწოდებები აქვთ. მაგალითად, პირველი მაისი. ძველად ერქვა ბულიწყუ. ეს შეეცვალათ. გადაეკეთებინათ კიროვი, ოქტომბერი".

ირაკლი ბუკია სოხუმელია, რომელმაც აფხაზეთის ომის შემდეგ, 27 წელი მოსკოვში იცხოვრა. საქართველოში 4 წლის წინ დაბრუნდა. ნახა, რომ სამეგრელოში ახალგაზრდები მეგრულ ენაზე არ საუბრობენ - ზოგმა არ იცის, ზოგმა იცის, მაგრამ რცხვენიათ ამ ენაზე ლაპარაკი. აქციის ორგანიზატორს ესმის მათი, რადგან მეგრული ენა დღეს არსად გამოიყნება, არც მაღაზიებში, ბანკში, საავადმყოფოში. ამიტომ, დამოკიდებულებაც შესაბამისია. მისი თქმით, არც მულტფილმებია მეგრულ ენაზე, არც ფილმები და ბავშვიც მეგრულს ენად ვერ აღიქვამს.

არის თუ არა რუსეთის ინტერესში საქართველოში უთანხმოების დათესვა აქციის მონაწილეთა მოთხოვნების საფუძველზე, ამბობს, რომ არა. მისი აზრით, სავარაუდოდ ვიღაცებს არ აწყობთ მეგრულის გაპიარება, გადარჩენა.

"რა შუაშია აქ სეპარატიზმი და რუსის წისქვილი? ბევრი ამბობს, მტრის წინქვილზე ასხამთო წყალს. ჩვენ ნამდვილად ვასხამთ წყალს, მაგრამ არა ვინმეს წისქვილზე. ჩვენ ამ წყალს იმისთვის ვასხამთ, რომ ცეცხლი ჩავაქროთ, ჩვენს ენას რომ უკიდია".

ირაკლი ბუკიამ ჟურნალისტების კითხვებს მეგრულად უპასუხა. მისი განმარტებით არა იმიტომ, რომ ქართული არ უყვარს, იმიტომ, რომ ამ ჟესტით პროტესტს გამოხატავს, ქართულმა სახელმწიფომ კი უნდა მისცეს ხალხს ბერკეტი ენის გადასარჩენად.

ედემ იზორია: აქციის მონაწილე

"არ იქნება ენა, არ იქნება მეგრელი ხალხი, ეთნოსი დაიკარგება", - განმარტა მან.

შემოქმედთა გაერთიანება "აიას" თავმჯდომარე ედემ იზორიას თქმით, ისინი წლებია უცვლელი მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. წერილებით მიმართეს პარლამენტს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და კათოლიკოს პატრიარქს, თუმცა უშედეგოდ. ახლა გეგმავენ, იგივე შინაარსის მოთხოვნა ხელმოწერებთან ერთად ხელმეორედ გააგზავნონ. შემდეგ, ამ წერილის ავტორების ნაწილი თბილისში ჩავა და დაელოდებიან საკანონმდებლო ორგანოს მიერ ამ წინადადებების განხილვას.

"სანამ პასუხს არ გაგვცემენ, იქ დავდგებით. წერილში ნათქვამია, რომ მეგრელი, სვანი და ლაზი ეთნოსების არსებობა დაბრკოლება კი არაა საქართველოს ერთიანობისთვის, არამედ პირობაა ერთიანობის. მეგრელი მეგრელი თუ არ არსებობს, სვანი სვანი თუ არ არსებობს, ლაზი ლაზი თუ არ არის, ერთიანი იყოს საქართველო? მარტო ქართების საქართველოა? იყოს მარტო მეგრელების საქართველო, იქნება ერთიანი საქართველო?", - აცხადებს ედემ იზორია.

მისი თქმით, სახელმწიფო ენის შესახებ კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს და მას ეწოდოს კანონი ქართველური ენების შესახებ და მეგრულს, სვანურს და ლაზურს ჰქონდეთ იგივე უფლებები რეგიონში, რაც ქართულს.

შეკრების ორგანიზატორი ირაკლი ბუკია ამბობს, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ სახელმწიფოსგან არ მიიღებენ ქართველური ენების გადარჩენის გარანტიებს.

ზუგდიდში პერიოდულად იმართება აქციები მეგრულ-ლაზურ სვანური ენების დაცვის მოთხოვნით. მათ შორის შეგროვდა ხელმოწერები მეგრულისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.