ახალი ამბები
საფრანგეთში მოკლული ახალგაზრდა, სოფელ ნაფიჩხოვოს მკვიდრია
საფრანგეთის ქალაქ მარსელში მოკლული საქართველოს მოქალაქის, 25 წლის ალექსი გოგუას ოჯახი და ნათესავები ცხედრის ოჯახში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოში ჩამოსვენებას ელოდებიან. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია და ცდილობენ ცხედარი საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოასვენონ.

გარდაცვლილის მეზობელ ნონა ბასილაიას განცხადებით, ოჯახმა მხოლოდ ის იცის, რომ ახალგზარდა 7 იანვარს დანით დაჭრეს გულის არეში. დაჭრილი საავადმყოფოში, ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ფაქტი უცნობთან ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რომელმაც გარდაცვლილის მეუღლის ტელეფონის მოპარვა სცადა:

"ვიღაცამ ცოლს მეტროსთან ტელეფონი ამოაცალაო და ამას მოჰყვაო. 6 საათი უკეთებდნენო გულის ოპერაციას. სამ ადგილას ჰქონდაო გულში ჩარტყმულიო. მეუღლე შეესწრო ამ ფაქტს. სულ 10 თვის დაქორწინებულები იყვნენ. ეკონომიურად უჭირდათ და სამუშაოდ იყვნენ წასული", - ამბობს ნონა ბასილაია.

ოჯახის ინფორმაციით, ალექსი გოგუას მკვლელი სავარაუდოდ დაკავებულია.

ცხედრის ჩამოსვენებას გარდაცვლილის და და მამა ელოდება.

ალექსი გოგუა საფრანგეთის ქალაქ მარსელში, 7 იანვარს სასიკვდილოდ დაჭრეს.