ახალი ამბები
სასამართლოს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს, გაურკვეველი ვადით გადაიდოს ანაკლიის პორტის მშენებლობა - კონსორციუმი
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" აქციონერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება. მათი შეფასებით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელება "ქართული ოცნების" მხრიდან, რომელიც ეცადა, ჩაეკლა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

კონსორციუმის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური სახის შენარჩუნების მცდელობაა ქართული სასამართლოსა და მთავრობის მიერ.

"ჩვენი გადასახედიდან, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის განზრახვაა ‐ ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს, ან თუ გაგრძელდება, არა კონსორციუმის ინვესტორების მონაწილეობით. საერთაშორისო საზოგადოებრიობა უდავოდ მიაქცევს ყურადღებას ამ გადაწყვეტილებას. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ თავდაპირველი ბრალდების უსაფუძვლობა ზედაპირზევე ნათელი იყო, რასაც ასევე ადასტურებდა სახალხო დამცველისა და Transparency International საქართველოს დამოუკიდებელი დასკვნები. თუმცა ამან ვერ შეაჩერა მთავრობის მხრიდან სასამართლო პროცესში ჩარევის მცდელობები და ვერ უზრუნველყო სახელმწიფო სისხლისსამართლებრივიდევნის პროცესში არსებული დარღვევების აღკვეთა.

ეს არის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რამაც არსებითად დააზიანა კონსორციუმის საქმიანობა ანაკლიის პროექტის განვითარების მიმართულებით, რასაც მოჰყვა მთავრობის მიერ პროექტის უკანონო შეწყვეტა და შესაბამისი საარბიტრაჟო დავების დაწყება. სამწუხაროდ, სამართლიანობის ეს უკანასკნელი დაცინვა კიდევ ერთი ნაბიჯია იმის უზრუნველსაყოფად, რომ რეპუტაციულმა საერთაშორისო ფინანსურმა ჯგუფებმა არ განახორციელონ ინვესტიცია პროექტში", - ნათქვამია განცხადებაში.

კონსორციუმის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის მისამართით დეკლარირებული მხარდაჭერის მიუხედავად, ბოლო სამი წლის განმავლობაში მთავრობის ქმედებებმა აჩვენა, რომ იგი აქტიურად აჩერებს, ან ეწინააღმდეგება რაიმე პროგრესს დიდი ხნის ნანატრი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართულებით.

კონსორციუმი ამბობს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, კიდევ გაურკვეველი ვადით გადაიდოს ის დღე, როდესაც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ავთანდილ წერეთელი "ფულის გათეთრების საქმეში" დამნაშავედ ცნო, მუხლს კვალიფიკაცია შეუცვალა, სამივეს მიუსაჯა 7 წლით პატიმრობა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, სასჯელი გაუქმდა და ბრალდებულებს პატიმრობა არ მიესაჯათ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

ანაკლიის პორტის მშენებარე კომპანიასთან - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" მთავრობამ 2016 წელს გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში შეწყვიტა.

2021 წლის 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებდა. ამ კუთხით ჯერჯერობით სიახლე არაფერია.

პორტის საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იყო დაგეგმილი. თუმცა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ქვეკონტრაქტორმა კომპანია "ვან ოორდმა", რომელსაც პორტის დაღრმავებითი სამუშაოები უნდა შეესრულებინა, ტერიტორიიდან საკუთარი ინვენტარი გაიტანა.