ახალი ამბები
თქვენ ჩემთვის არავინ არ ხართ საერთოდ, მე მივმართავ ქართველ ხალხს - სააკაშვილი მოსამართლეს
თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ასტრონავტი. მე მივმართავ ქართველ ხალხს. მე აქ იმისთვის არ მოვსულვარ რომ მივმართო ვიღაც ... მე არ ვაპირებ ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში, თქვენ თვალებში შემოგხედავთ ქართველი ხალხი და მე ვაპირებ თვალებში შევხედო ქართველ ხალხს. თქვენ ჩემთვის არავინ არ ხართ საერთოდ, მე მივმართავ ქართველ ხალხს. მე მივმართავ ქართველ ხალხს, რომლის წინაშეც წარვდექი აქ და ვერავინ ვერ გამაწყვეტინებს და თუ გამაწვეტინებთ, შემდეგ ქართველი ხალხი გაგცემთ პასუხს. წერტილი, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე. მან ასე უპასუხა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის მოწოდებას, სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზში მსხდომებისკენ კი არა, მოსამართლის მხარეს მიტრიალებულიყო.

ნინო ჩახნაშვილის შეხსენებაზე, რომ ყოფილ პრეზიდენტს თავი შეეკავებინა რადგან სხდომათა დარბაზში "ბრძანდება", მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა:

"მე სად ვბრძანდები ძალიან კარგად ვიცი. ეს სხდომათა დარბაზი არის ჩემი აშენებული, ეს დროშა რომელიც თქვენს უკან არის ჩემი გაკეთებულია, ეს სკამი რომელზეც ზიხართ ჩემი დადგმულია, ეს აუდიტორია ჩემი გაკეთებულია, ეს გალია ჩემი აშენებულია. მე სად ვარ, თქვენი ახსნა-განმარტება არ მჭირდება. ყველაფერი რაც გაკეთებულია ამ ქვეყანაში, რაც აქამდე არ გააფუჭეს, არის ჩემი გაკეთებული. თქვენი ახსნა-განმარტება ნამდვილად არ მჭირდება და ნუცას სკოლა. ბოდიშს ვიხდი, რომ თქვენგან განსხვავებით 4 უმაღლესი სასწავლებელი მაქვს იურიდიული დამთავრებული. მათ შორის რამდენიმე დასავლეთში. არანაირ პატივს არ ვცემ მე ივანიშვილის სასამართლოს, პირდაპირ გეუბნებით", - უპასუხა საააკაშვიმა მოსამართლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს, 50 დღე შიმშილობდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 20 ნოემბერს სააკაშვილი გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს. სამედიცინო დაწესებულებიდან კი, ის რუსთავის ციხეში 29 დეკემბერს, გვიან ღამით გადაიყვანეს.

პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.