ახალი ამბები
დღეს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება
დღეს, 14 იანვარს საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულს მოქალაქეებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ულოცავს.

მისი თქმით, სახელმწიფო დროშა სიმბოლოა იმისა, რომ ამ მიწაზე მცხოვრებ არაერთი ეთნოსის, მრავალფეროვანი კულტურის ხალხს ერთი აქვს სამშობლო და მომავალი.

"ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს – საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს.

სახელმწიფო დროშა სიმბოლოა იმისა, რომ ამ მიწაზე მცხოვრებ არაერთი ეთნოსის, მრავალფეროვანი კულტურის ხალხს ერთი გვაქვს სამშობლო და ერთი გვაქვს მომავალი. იგი განასახიერებს ყველა ჩვენგანის საერთო მისწრაფებას, რომ ჩვენი დიდი ისტორიისა და კულტურის საფუძველზე ვაშენოთ თანამედროვე, განვითარებული, ძლიერი საქართველო.

დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, სახელმწიფო და ეროვნულ მოღვაწეებს, ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს მსახურებას მიუძღვნა.

ჩვენი დროშა მუდამ იქნება აღმართული იმის ნიშნად, რომ კვლავაც დავიცავთ და გავაძლიერებთ იმას, რაც დიდი ბრძოლისა და შრომის ფასად მოვიპოვეთ – ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას", – ამბობს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს ეროვნული სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად, საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე დამტკიცდა, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან.

ამ კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო დროშა არის საქართველოს სახელმწიფო დროშის ერთადერთი ვარიანტი. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო დროშად სხვა დროშის გამოყენება. იგი ადგენს საქართველოს სახელმწიფო დროშის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობას, მისი გამოყენებისა და დაცვის წესს.