ახალი ამბები
სკოლებს ყველაზე გვიან უნდა შეეხოს პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები - გაბუნია
დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ სკოლებმა მაქსიმალურად შეინარჩუნონ აქტივობის შესაძლებლობა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე. მისი თქმით, იმატებს იმის შანსი, რომ ახალგაზრდებში, მათ შორის, მოსწავლეებშიც შემთხვევები სწრაფად გავრცელდეს. ამ პირობებში კი, გამოსავალი მასწავლებლების და სხვა პერსონალის ვაქცინაციაა.

მანვე აღნიშნა, რომ სკოლა არის ის გარემო, რომელსაც ყველაზე გვიან უნდა შეეხოს პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები, თუმცა, მკაცრი რეგულირების პირობებში.

"სკოლებმა რამდენიმე ეტაპი გაიარეს კოვიდ-პანდემიის პროცესში, მზარდი ტალღის პირობებში. სკოლების შიდა მზაობა არის საკმაოდ მაღალი იმისთვის, რომ მათ ადგილზე უზრუნველყონ რეაგირება..

სკოლებში ვაქცინაციის მაჩვენებელი არის მაღალი, მაგრამ მეტია საჭირო, რომ თითქმის 100 პროცენტამდე მივიდეს ეს მაჩვენებელი. სადაც შესაძლებელია, უკეთესი დაცვისთვის ისევ და ისევ ბუსტერ დოზა, წესების ზედმიწევნით, ზუსტად დაცვა და რა მთავარია, თუ ადამიანს აქვს სიმპტომი, ის არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაესწროს საკლასო გარემოში სწავლების პროცესს და დარჩეს სახლში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სასწავლო პროცესი სკოლებში 17 იანვარს განახლდება.