ახალი ამბები
ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს მანქანებში ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი 863-ჯერ ჩაასხეს - აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, 2019- 2020 წლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას.

კერძოდ, ნაცვლად 10 სამორიგეო მანქანისა, მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 22 სამორიგეო მანქანით და 169 კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილით. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაიხარჯა 601.2 ათასი ლარის ღირებულების საწვავი, მათ შორის: 228.5 ათასი ლიტრი ბენზინი, ღირებულება − 442.5 ათასი ლარი და 77 ათასი ლიტრი დიზელი, ღირებულება− 158.7 ათასი ლარი.

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ავტომობილებზე საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია. გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობა ზემეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, გამოვლინდა 44 ავტომანქანაზე ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 863 შემთხვევა.

აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წინა აუდიტის პერიოდშიც გამოვლინდა მსგავსი ხარვეზები, თუმცა მიუხედავად ამისა, მერიამ არც 2019-2020 წლებში გაითვალისწინა აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის შედეგები 14 იანვარს გამოაქვეყნა. დოკუმენტს თან ერთვის რეკომენდაციებიც.