ახალი ამბები
ბოტანიკურ ბარში შესვლა უფასო იყო, თუმცა მოლარეთა ხელფასზე 50 ათასზე მეტი დაიხარჯა
2020 წელს, ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრში დასაქმებული იყო 6 მოლარე-კონსულტანტი, რომელთა ხელფასებზე დაიხარჯა 50.3 ათასი ლარი. ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, აუდიტის ჯგუფმა ბოტანიკური ბაღის დათვალიერებით გამოავლინა, რომ ბაღში შესვლა უფასოა და სალაროები არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ხელფასები გაიცემა პირებზე, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები არ არის შესრულებადი.

ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად ქარჩავა ადასტურებს, რომ ეს თანხა მოლარე-კონსულტანტებზე მართლაც გაიცა. მისი განმარტებით, ბაღში ვიზიტი ფასიანი იყო დაახლოებით სამი თვის განმავლობაში. პანდემიის პირობებში კი მიიღეს გადაწყვეტილება, რადგან რეკრეაციული სივრცე იყო, მოქალაქეებს თავისუფლად, თანხის გარეშე შეძლებოდათ შესვლა. ამიტომ, მათ ვიზიტორთათვის ტემპერატურის გაზომვა და ერთ ლოკაციაზე 5 ადამიანზე მეტის არშეკრების მონიტორინგი დაევალათ.

"როცა გამოცხადდა ლოკდაუნი, არ ვიცოდით რამდენი ხანი გაგრძელდებოდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, შესვლა უფასო ყოფილიყო. პარარელურად, რადგან ბევრი ხალხი შემოვიდოდა, მოლარე-ოპერატორებს მივანიჭეთ ფუნქცია, რომ ვიზიტორებისთვის სიცხის გაზომვა დაგვევალებინა და რეგულაციების მონიტორინგი ბაღის ტერიტორიაზე. ამდენი ხალხის შემოსვლა ზრდიდა ვანდალიზმის რისკებს", - უთხრა ზვიად ქარჩავამ "ლაივპრესს".

მისი თქმით, როცა თანამშრომლებს კონტრაქტი ამოეწურათ 2020 წლის ბოლოსთვის, აღარ გაუგრძელეს. დღეს საშტატო ნუსხაში კია მითითებული მოლარე-კონსულტანტი, თუმცა ამ პოზიციაზე არავინ მუშაობს.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში დამთვალიერებლისთვის ფასიანი გახდა 2020 წლის მარტიდან. საქართველოს მოქალაქისთვის ერთჯერადად შესვლა 2 ლარი, ხოლო უცხოეთის მოქალაქისთვის 5 ლარი იყო.

ბაღის ტერიტორიაზე შესვლა უფასო, ამავე წლის მაისში გახდა.

ზვიად ქარჩავა ამბობს, რომ მომავალში შესაძლოა ისევ ფასიანი გახდეს ბაღის დათვალიერება.