ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის მიერ ავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი კონკრეტულ მწარმოებელს მოარგეს - აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, რომელიც ზუგდიდის მერიის 2019-2020 წლების მუშაობას აფასებს, საუბარი შეეხება 15 ავტობუსის შესყიდვას და გამოვლენილ ხარვეზებს. დოკუმენტის თანახმად, 2019 წელს მერიამ გამოაცხადა ტენდერი მათ შესაძენად, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 3,419.5 ათასი ლარი იყო. მასში მონაწილეობა მხოლოდ შპს "ჯი-თი გრუპმა" მიიღო. კომპანიამ კონკურენციის არარსებობის პირობებში გაიმარჯვა. გაფორმდა ხელშეკრულება 3,330.0 ათასი ლარის მოცულობით. ერთი ავტობუსის ფასი 220.0 ათასი ლარით განისაზღვრა.

აუდიტის დასკვნის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავდა ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც ზღუდავდა კონკურენციას და მორგებული იყო კონკრეტულ მწარმოებელზე და მის ოფიციალურ დილერზე საქართველოში.

კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის განმარტებით, ავტობუსის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები - სიგრძე, სიგანე და სიმაღლე მოთხოვნილი იყო, მცირე დიაპაზონით. ასევე − გადაცემათა კოლოფი, ძრავა და ავტობუსი უნდა ყოფილიყო ერთი მარკის. პარაელურად, სხვა ტექნიკურ მახასიათებლებში წარმოდგენილი იყო ავტობუსის ფერი, მაქსიმალური წონა, ძრავის მოცულობა, ძრავის სიმძლავრე, აირის გამონაბოლქვის ემისიის კლასი, შიდა სიმაღლე და სხვა.

მათივე ცნობით, კონკურენციის შეზღუდვაზე ასევე მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის სპეციალურ მოდულში დაფიქსირებული მიმოწერა. კერძოდ, აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდა ხუთი კომპანია, თუმცა შემზღუდავი პირობების გამო ეს ვერ მოახერხეს. ისინი აცხადებდნენ, რომ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული იყო მოთხოვნები კონკრეტული ავტობუსის მოდელის სასარგებლოდ.

ამას გარდა, აუდიტის დასკვნით, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისათვის საჭირო ბაზრის კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტები მერიამ ვერ წარმოადგინა. ამიტომ, აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა საქართველოს მასშტაბით გამართული მსგავსი ტენდერები. გამოვლინდა, რომ იმავე პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანია, მსგავსი ტექნიკური მახასიათებლების მქონე ავტობუსს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტს სთავაზობდა 178.8 ათას ლარად.

"მერიამ სატენდერო პროცესი წარმართა იმგვარად, რომ ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრა კონკრეტული მიმწოდებლის ინტერესების სასარგებლოდ. კერძოდ, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ იყო გაანგარიშებული ბაზრის სათანადო კვლევის საფუძველზე, ხოლო სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავდა სხვადასხვა სახის შემზღუდავ მოთხოვნას. შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა მნიშვნელოვანი ეკონომიის მიღების შესაძლებლობა", - ნათქვამია დოკუმენტში.

აუდიტის დასკვნაში სხვა დარღვევებზეც არის საუბარი.