ახალი ამბები
5 მილიონამდე ლარი გაიფლანგა, „ოცნების“ დამფინანსებლებს მისცეს - „დროა“ პროკურატურას მიმართავს
"დროას" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარიამ სიჭინავა ბრიფინგზე გამოეხმაურა იმ დარღვევებს, რაზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია საუბარი. მისი თქმით, დოკუმენტმა საბოლოოდ ახადა ფარდა ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნების კორუმპირებულობას. მანვე აღნიშნა, რომ დასტურდება - "ოცნების" წარმომადგენლებმა სატენდერო დოკუმენტაცია კონკრეტული კომპანიების ინტერესებს მოარგეს, მათ შორის მმართველი პარტიის შემომწირველებს.

მარიამ სიჭინავას განმარტებით, 2019-2020 წლებში, ამ გზით დაახლოებით 5 მილიონი ლარი გაიფლანგა, ვერ გამოიყენეს და "ქართული ოცნების" დამფინანსებლებს მისცეს.

"მაგალითად, ასეთი იყო შპს "ჯი თი გრუპი", რომლისგანაც ქალაქისთვის შეიძინეს ავტობუსები. შედეგად გავფლანგეთ 618 ათასი ლარი. აუდიტის დასკვნაში წერია, რომ ჩაატარეს ბაზრის მოკვლევა და მიაკვლიეს, რომ სხვა მუნიციპალიტეტმა ერთი ავტობუსი 178 ათას ლარად შეიძინა, როცა ზუგდიდმა 220 ათასი ლარი გადაიხადა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო ამ ტენდერის დროს, სხვა კომპანიები, რომლებსაც სურდათ ტენდერში მონაწილეობის მიღება, ვერ მიიღეს მონაწილეობა. ვერც დარეგისტრირდნენ ტენდერზე, რადგან მერიას მორგებული ჰქონდა ტენდერი მილიმეტრების სიზუსტით მხოლოდ ჯი თი გრუპზე", - განაცხადა მარიამ სიჭინავამ.

დროას წარმომადგენლის თქმით, მათ აღმოაჩინეს შემდეგი - კომპანიის დამფუძნებელმა სხვადასხვა დროს 200 ათას ლარამდე თანხა შესწირა "ქართულ ოცნებას".

კიდევ ერთ მაგალითად ასახელებს მარიამ სიჭინავა ანაკლიის რესტორნის რეკონსტრუქციას. სარემონტო სამუშაოები შპს დამბამ შეასრულა, რისთვისაც 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ობიექტი კი დღემდე არ ფუნქციონირებს. მისი განმარტებით, გაურკვევევლი მიზეზით დისკვალიფიკაცია შეეხო "კაპიტელ პლიუსს", რომელიც ყველანაირ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, შპს "კაპიტელ პლიუსის" მფლობელებს არ შეუწირავთ მმართველი პარტიისთვის, განსხვავებით შპს "დამბას"მფლობელებისგან. მათ "ოცნებას" 280 ათასი ლარი შესწირეს.

"ყველაზე ტრაგიკული, რაც გვითხრა აუდიტის დასკვნამ, არის ის, რომ ქალაქს მოგვეწოდება გაუფილტრავი წყალი. ამიტომ, ვთხოვ მერიას და მაღალჩინოსნებს, სასწრაფოდ დააკონკრეტონ, რომელ ნაწილს მიეწოდება გაუფილტრავი, დაუქლორავი, შეუმოწმებელი წყალი. საქმე ეხება ადამიანების ჯანმრთელობას და სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს. აუდიტის დასკვნაში წერია, რომ სათავო ნაგებობები არ არის აღჭურვილი ფილტრაციის აპარატურით და არც იქლორება. კულუარულად არის საუბარი, რომ ქალაქში არის მაღალი ფილტრაცის წყალი, მაგრამ სოფლებს არ მიეწოდებათ გაფილტრული წყალი", - აღნიშნა მარიამ სიჭინავამ.

"დროას" წარმომადგენელი ხვალ გეგმავს პროკურატურისთვის მიმართვას აუდიტის დასკვნის საფუძველზე, რომელიც, მისი მტკიცებით მიუთითებს, რომ 2019-2020 წლებში, ქალაქის სათავეში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მოსახლეობის ფულს ფლანგავდნენ, ისაკუთრებდნენ და "ოცნების" შემომწირველებს აძლევდნენ.

მარიამ სიჭინავა არ გამორიცხავს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დასკვნა გამოიყენონ ოპონენტების დასაშინებლად, რადგან ეს ის პერიოდია, როცა მერი, დღეს უკვე გახარიას პარტიის წარმომადგენლები, გიორგი შენგელია და გიგა ფარულავა იყვნენ.  

სიჭინავს განცხადებით, მომდვნო სხდომაზე დიდი ალბათობით ნახავენ "საქართველოსთვის" და "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ქორწინებას.

თუმცა, მარიამ სიჭინავა ამბობს, რომ პასუხიმგებლობა საკრებულოს მაშინდელ თავმჯდომარეს და ზუგდიდის მოქმედ მერს, მამუკა წოწერიასაც ეკისრება. აუდიტი წარმომადგენლობით ორგანოში გამოლენილ დარღევებზეც საუბრობს.

სახელმწიფო აუდიტმა გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც ზუგდიდის მერიის 2019-2020 წლების მუშაობაა შეფასებული. დოკუმენტში ხაზგასმულია მთელი რიგი დარღვევები, ტენდერის ჩატარების პროცესში თუ სამუშაოების შესრულებისას. აღნიშნულია, რომ უმრავლეს შემთხვევაში ტენდერები კონკრეტული კომპანიების ინტერესებს იყო მორგებული.

ზუგდიდის მერიაში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ ერთიან პოზიციას აუდიტის დასკვნაზე მოგვიანებით გაავრცელებენ.