ახალი ამბები
ზუგდიდში ოთხმა სკოლამ ჰიბრიდულ რეჟიმში, ერთმა კი ონლაინ განაახლა სწავლა
ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა. ზუგდიდში ჰიბრიდულ (შერეულ) სწავლებაზეა ოთხი სკოლა - პირველი საჯარო სკოლა, სადაც ამ დრომდე გრძელდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კახათის სკოლა, სადაც გათბობის ახალ სისტემას ამონტაჟებენ. ამასთან, შერეული მოდელით ხელმძღვანელობს ოდიშის პირველი საჯარო სკოლაც. აქ საკლასო ოთახებში სწავლა მხოლოდ 1-4 კლასის მოსწავლეებმა განაახლეს. დანარჩენებმა დისტანციურ ფორმატში.

ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ სკოლას ცენტრალური გათბობა ჰქონდა, რომელიც ოქტომბერში გაფუჭდა. გაცვეთილია გამაცხელებელი ქვაბი, რომელიც უნდა შეიცვალოს. სკოლამ მერიას უკვე მიმართა. ხარჯთააღრიცხვა მზად არის. მოსაძიებელია თანხა და მიიღეს დაპირება, რომ პრობლემა თებერვალში უნდა მოგვარდეს.

"ყველა სკოლა უზრუნველყოფილია ჰიგიენური საშუალებებით. მათ შორის კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით", - აღნიშნა მან.

მამუკა ბულიას ინფორმაციით, ერთი კვირით გვიან, 24 იანვარს განაახლებს საკლასო ოთახებში საგაკვეთილო პროცესს ჯუმის სკოლა. შენობაში დერეფნის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება.

დღეისთვის, მამუკა ბულიას თქმით, სხვადასხვა სკოლების 3 პედაგოგი და 4 მოსწავლეა კორონავირუსით ინფიცირებული.

ქვეყნის მასშტაბით, რეგულაციების დაცვით სასწავლო პროცესი დღეს განახლდა სადღესასწაულო არდადეგების შემდეგ.