ახალი ამბები
სენაკის საკრებულოში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო სხდომა გადაიდო
სენაკის მუნიციპალიტეტის სხდომა გადაიდო ისევ კვორუმის არარსებობის გამო. სხდომას არ დასწრებია მმართველი პარტია, პარტია "საქართველოდან" და ენმ-დან კი თითო-თითო წევრი.

წარმომადგენლობითი ორგანოს პრესსამსახურში "ლაივპრესს" განუმარტეს, რომ მათ განცხადებით მიმართა ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ". აცნობეს, რომ მმართველი პარტიის რამდენიმე დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა, რამდენიმეს კი ტემპერატურა აღენიშნება, რის გამოც სხდომის 31 იანვრამდე გადადება მოითხოვეს. რამდენ მათგანს აქვს კორონავირუსი, განცხადებაში არ დაკონკრეტებულა.

კორონავირუსი დაუდასტურდა "საქართველოსთვის" ერთ წევრსაც. ამიტომ, პარტიის მხოლოდ სამი წარმომადგენელი გამოცხადდა.

სხდომის 24 იანვარს ჩატარება მოითხოვა ენმ-მ. ამიტომ, მორიგი სხდომა სწორედ 24-ში, 11 საათზე გაიმართება.

სენაკის საკრებულოს სულ 33 დეპუტატი ჰყავს. მათგან "ქართული ოცნების" 16, ენმ-ის 13 და "გახარია-საქართველოსთვის" 4 წევრია.

მმართველი პარტია ბოლო რამდენიმე სხდომას არ დასწრებია. ოპოზიცია ეჭვობს, რომ "ოცნება" ცდილობს დეპუტატების გადაბირებას საკმარისი ხმებისთვის და ამის გამო უნდათ სხდომების გადადება.

სენაკის, ზუგდიდის და წალენჯიხის საკრებულოებს ამ დრომდე არ ჰყავს თავმჯდომარეები. ამ მუნიციპალიტეტებში სხდომები ძირითადად კვორუმის არარსებობის მიზეზით გადაიდება.