ახალი ამბები
კორონავირუსის ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფშია - გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი არის შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში. საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მან ასევე აღნიშნა, რომ "ომიკრონით" ინფიცირებულებში, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არიან, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის. თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში დადასტურებულია "ომიკრონის" 1 200-მდე შემთხვევა, ჰოსპიტალიზაცია კი მხოლოდ 14-ს დასჭირდა.

მინისტრის მოადგილის სიტყვებით, ეს მიუთითებს იმას, რომ "ომიკრონის" წინააღმდეგაც ვაქცინაციის ეფექტურობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების კუთხით. "ბუსტერ" დოზა კი, თითქმის აორმაგებს ვაქცინაციის ეფექტს.

"აღსანიშნავია, რომ შემთხვევების მატების მიუხედავად არ აღინიშნება ზეწოლის მატება ჰოსპიტალურ სექტორზე, სადაც რჩება 4431 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში 281, ხოლო ინტენსიურ თერაპიას იტარებს 1083 პაციენტი. 4000-ზე მეტი საწოლი არის თავისუფალი და ჰოსპიტალურ სექტორს პაციენტების მიღების შესაძლებლობა აქვს. კვირის ბოლომდე მოქმედ 62 ონლაინ კლინიკას კიდევ 40 დაემატება და მოსახლეობისთვის იოლი იქნება ოჯახის ექიმთან დაკავშირება და მათგან რჩევის მიღება", - განაცხადა გაბუნიამ.