ახალი ამბები
ვაქცინაციაზე ფულადი წახალისების აქცია იანვრის ბოლომდე გაგრძელდება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრის ბოლომდე გრძელდება 200-ლარიანი წახალისების ღონისძიება და იმ პირთა ასაკმა, რომლებიც თანხას კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ მიიღებენ, 50 წლამდე დაიწია.

ამასთან, მიმდინარე კვირიდან შეიცვალა იზოლაციის და კარანტინის ვადები ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის.

ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის კარანტინის ვადა განისაზღვრა 8 დღით, ხოლო საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის - 10 დღით. ორივე შემთხვევაში, იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე სავალდებულოა პირბადის ტარება.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 1 006 864 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 934 667 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 14 512 ადამიანი.

ამ ეტაპზე კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება 2 050 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4 465 პირი.