ახალი ამბები
მესტიის აეროპორტმა სერტიფიცირება წარმატებით გაიარა
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა აეროდრომის მიმართულებით სერტიფიცირება წარმატებით გაიარა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ადგილობრივი აეროპორტებიდან მესტიის აეროპორტი არის პირველი, რომელმაც სააეროდრომო სახელმძღვანელოები და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერტიფიცირების ახალი წესის შესაბამისობაში მოიყვანა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აეროპორტებისა და აეროდრომების განახლებული დადგენილების თანახმად, აეროპორტის ექსპლუატანტების სერტიფიცირებას 5 ეტაპად ახორციელებს.

საქართელოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მესტიის აეროპორტისთვის მინიჭებული სერტიფიკატი უვადოა.