ახალი ამბები
“სისტემა ყარს” - სამხარეო პოლიციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [ფოტო]
ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სამხარეო პოლიციის შენობასთან. შეკრებილები არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი აპროტესტებენ სამართალდამცავების მხრიდან "ბოლო პერიოდში გახშირებულ ძალადობის ფაქტებს".

მათ ხელთ აქვთ ბანერები წარწერით: "სისტემა ყრუა და ამუნჯებს ხალხს", "დაისაჯონ მოძალადეები", "არ არის სამართლიანობა, არ არის მშვიდობა", "შემდეგი მსხვერპლი შეიძლება იყო შენ", "სისტემა ყარს".

ენმ-ის წარმომადგენელ მაია კალანდიას თქმით, ის რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ შშმ არასრულწლოვანის მიმართ, არ იყო პირველი შემთხვევა და ეს სისტემური დანაშაულია.

აქციის მონაწილეებმა, ანა წითლიძემ და ხათუნა შამუგუამ პოლიციის შენობის მიმდებარედ, ასპალტზე საპროტესტო წარწერის გაკეთება სცადეს, მაგრამ პოლიციამ ამის უფლება არ მისცა.

"ზუგდიდის პოლიციის თანამშრომელი იყო ის მოძალადე, ვინც კადრებში ჩანდა, რომელმაც ქალს დაარტყა. გუშინწინ პოლიციამ სმენადაქვეითებულზე იძალადა და ხელისუფლება ცდილობს შეგვაჩიოს, რომ ვცხოვრობთ სისტემაში, სადაც პოლიციელს შეუძლია იყოს ცრუ მოწმე. სხვათაშორი, ამ პოლიციელებმა უკანონოდ ჩაუდეს იარაღი ყოფილ თანამშრომლებს. ხელისუფლება ცდილობს შეგვაჩვიოს, რომ კი, სისტემას შეუძლია იძალადოს", - აღნიშნა ანა წითლიძემ.

მისივე თქმით, თუ რამე უნდა დაინგრეს ქვეყანაში, ეს საბჭოური საპოლიციო სისტემაა და უნდა ჰყავდეს ქვეყანას კანონზე ორიენტირებული პოლიცია. ამისთვის, კი, წითლიძის განმარტებით, ხელისუფლების შეცვლაა საჭირო.

"თქვენ არ ხართ პოლიცია, თქვენ ხართ მილიცია, რადგან ასრულებთ რუსი ოკუპანტის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს", - მიმართა მაია კალანდიამ ადგილზე მობილიზებულ პოლიციას.

წარწერის გაკეთებას "დროას" წარმომადგენელი მარიამ სიჭინავაც ცდილობდა. თუმცა უშედეგოდ. ამის გამო, აქციის მონაწილეებს და პოლიციას შორის პერიოდულად დაპირისპირებაა. მისი ინფორმაციით, ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე იდენტიფიციებული სამართალდამცველი პოლიციაშია დაბარებული გამოკითხვაზე.

სოციალურ ქსელში "დროას" წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ 25 იანვარს გაავრცელა ვიდეო, სადაც პოლიციელის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი სცემს ქალს. 

მანამდე კი, თბილისში პოლიციის შშმ პირზე ძალადობის ამსახველი კადრები გავრცელდა.