ახალი ამბები
ახალგაზრდებს ვწირავთ, რომ მათთვის ბაღში შესვლა ფინანსური ვალდებულება გახდეს - ბათლომე შელია
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ბათლომე შელია არ ემხრობა ამ ეტაპზე ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე ტარიფების დაწესებას. თუმცა, გძელვადიან პერსპექტივაში, ამბობს, რომ პირიქით, კარგიც იქნება ინვესტიციების მოზიდვასა და დამატებით შემოსავალზე ფიქრი.

"დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" ორგანიზებით მიმდინარე შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ დღეს ეს გადაწყვეტილება მძიმე ფინანსური ტვირთი იქნება როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე დანარჩენი მოქალაქეებისთვის, რთული ეკონომიკური ვითარების ფონზე.

ბათლომე შელია ამბობს, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ არც კინო, არც თეატრი, სხვა, ალტერნატიული სივრცე, სადაც განიტვირთებიან. ბოტანიკური ბაღი კი ერთადერთი ადგილია მათი შეკრებისთვის. ამიტომ, მიზანშეუწონლად მიაჩნია შესვლაზე ფასის დაწესება.

"ერთადერთი სივრცე, სადაც სახლიდან გასული ახალგაზრდა შეიძლება შევიდეს, გაისეირნოს, შეხვედრის ნორმალური ადგილი ჰქონდეს, ბოტანიკური ბაღია. ჩვენ პრაქტიკულად მათ ვწირავთ იმისთვის, რომ ბაღში შესვლა მათთვის ფინანსური ვალდებულებების ნაწილი გახდეს. რომც მივცეთ ფული, ერთი ლარი, ვიცით, რომ იმ ლარად სხვაგან გაისეირნებენ და ასეთ ეკონომიკურ სიდუხჭირეში ბავშვები იქ არ შევლენ", - განაცხადა ბათლომე შელიამ.

მისი თქმით, მართალია გარკვეული კატეგორიისთვის ბაღში შესვლა უფასო იქნება, მათ შორის სოციალურად დაუცველებისთვის, თუმცა ბევრია ისეთი, ვინც ამ ბაზების მიღმაა, რეალურად კი ძალიან უჭირს.

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის განმარტებით, პირველივე დღიდან, როცა საკრებულოში ფასის დაწესებაზე მსჯელობდნენ, აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ამ წინადადებას, თუ იმ შემოსავლების გათვლაზე იყო საუბარი, რომელსაც შემდგომ ბაღსვე მოახმარდნენ. ბათლომე შელია ამბობს, რომ მაშინ ჰქონდა მუნიციპალიტეტს და დღესაც აქვს შესაძლებლობა, დაასუბსიდიროს თანხა, რაც ბაღის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ახლა კი, ასეთ რთულ დროს, მოქალაქეთა ჯიბეებში "ხელის ჩაყოფა" არასწორად მიაჩნია.

"ზოგადად, ნორმალურ და დალაგებულ სიტუაციაში ამის საშუალება რომ იყოს, შეიძლება ამ მიმართულებით ინვესტორები მოიზიდო, შიგნით ფასიანი კუთხეები მოაწყო და ამით დამატებითი შემოსავალი მიიღო. ასეთი სიმდიდრე მუნიციპალიტეტისთვის, რა თქმა უნდა შემოავალის წყარო უნდა იყოს. დღევანდელ მოცემულობაში არ მიმაჩნია რეკმენდირებულად, თორემ, ზოგადად, ფასის დაწესებაზე კატეგორიული წინააღმდეგი ვერ ვიქნებოდი. აქ არ არის საუბარი ერთ ლარზე. შესვლა შეიძლება უფასო იყოს, მაგრამ შიგნით სერვისებით ინვესტიციების მოზიდვაზე რომ ვიფიქროთ, ეს იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანი მომავალი თაობებისთვის", - განმარტა ბათლომე შელიამ.

თავის მხრივ, ბაღის დირექტორი, ზვიად ქარჩავა ამბობს, რომ ამ სივრცეს უნდა ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი და ჩამოშორდეს ეტაპობრივად მუნიციპალურ ბიუჯეტს. ამასთან, უნდა მოხდეს ბაღში "ვანდალიზმის ფაქტების" პრევენცია.

მერიაში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ბაღების ტარიფებს შორის, ზუგდიდის ბღში დაწესებული შესვლის საფასური ყველაზე იაფია.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 1 თებერვლიდან შესვლა ფასიანი ხდება. გამონაკლისი მხოლოდ მოქალაქეთა ნაწილისთვის დაიშვება. ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ: პენსიონრები; საპატიო ზუგდიდელები; ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები; ომის მონაწილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100-000 ქულას.

თუმცა მოქალაქეთა ნაწილის აზრით, ბაღში შესვლა ყველასთვის უფასო უნდა იყოს. ამ მოთხოვნით ზუგდიდში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება.