ახალი ამბები
„ბოტანიკური გვეკუთვნის ხალხს“ - ზუგდიდში ტარიფების დაწესება გააპროტესტეს
ზუგდიდში გააპროტესტეს ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე ტარიფების დაწესება. აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, მოქალაქეების დიდი ნაწილი უმუშევარი და დასაქმებულების ყოველთვიური ანაზღაურება კი მიზერული, ბოტანიკური ბაღი ტარიფებს არ უნდა აწესებდეს.

მოძრაობა "ხმის" წარმომადგენელ გიორგი ხასაიას თქმით, არასერიოზულია ზუგდიდის ბაღის სხვა ბოტანიკურ ბაღებთან შედარება, რადგან ზუგდიდის მთელი რეკრეაციული სივრცის 90% ბოტანიკური ბაღია. ამიტომ, აქ ბარიერის შექმნა, ნიშნავს დაბრკოლებას საკუთარ ქალაქში, რეკრეაციული ზონის 90%-ზე წვდომაზე.

კიდევ ერთი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა დაწესდეს ტარიფები, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. გიორგი ხასაიას ცნობით, ბოლო კვლევების მიხედვით, ოჯახები შემოსავლის დიდ წილს საკვებზე ხარჯავენ, ზუგდიდში კი, ადგილობრივი მოსახლეობის 54% სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა ბაზაშია.

"მესამე - ძალიან მტკივნეულია, როგორ ექცევიან ახალგაზრდებს, ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ საკუთარი შემოსავალი. ერთადერთი ადგილი, სადაც ხვდებიან ერთმანეთს, სოციალიზაციას გაივლიან, ეს არის ბოტანიკური ბაღი. ამ არგუმენტებს თუ დავაჯამებთ, რაც მთვარია, გაძვირდა საწვავი, გაძვირდა პური, გაძვირდა ყველაფერი, რაც პირველადი მოხმარებისაა. არსებობს კონტექსტი. ეს კონტექსტი არის შემდეგი - გაძვირებული ცხოვრება, უმუშევრობა, გაჭირვება, ბიზნესის მხრიდან ფასების მატება ყველაფერზე. ამ ფონზე, როცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ფასს აწესებს ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე, ეს არის უგუნური, არასერიოზული, ხალხის, საკუთარი ქალაქის საწინააღმდეგო ქმედება", - ამბობს "ხმის" წარმომადგენელი.

რაც შეეხება არგუმენტს, რომ ბაღში გახშირდა ვანდალიზმის ფაქტები, და ტარიფების დაწესებაც ერთგვარი პრევენცია იქნებოდა ამ მოცემულობაში, გიორგი ხასაია განმარტავს - ამ ლოგიკით გამოდის შემდეგი - ვანდალები არიან ძირითადად დაბალშემოსავლიანი ოჯახის შვილები , რომლებიც ბაღში გაბრაზებულები შედიან და გარემოს აზიანებენ. შესვლას კი თუ ფასიანს გახდიან, მხოლოდ ისინი შემოვლენ, ვისაც ფული აქვს და ვისაც ფული აქვს, ისინი ყოველთვის კარგად იქცევიან. ეს, აქციის ორგანიზატორის განმარტებით, არის კლასისტური, სეგრეგაციული მიდგომა, რომელსაც არასდროს შეეგუებიან.

მისი თქმით, გაცილებით მეტია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ტარიფები არ უნდა დაწესდეს. პანდემიის, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში კი, დღეს აქციაზე მოსული 30-40 ადამიანი ნიშნავს ასობით და ათასობით ზუგდიდელს, მათ, ვინც ფიზიკურად არ შემოუერთდა, თუმცა იზიარებენ გაჟღერებულ პოზიციას.

"სოციალური ქსელით, საკუთარ სამზარეულოში, სამეზობლოში, სამეგობრობში საუბრობს. ამას აქვს ძირითადად ჩივილის და წუწუნის სახე. მაგრამ ეს ჩივილი და წუწუნი უნდა გადაიზარდოს საკუთარი ინტერესების დაცვაში", - აღნიშნა გიორგი ხასაიამ.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, მომღერალი კერენ ესებუა წინააღმდეგია ბაღში შესვლაზე ტარიფების დაწესების. მას ეს დამოკიდებულება ახსენებს იმ დროს, როცა ბაღის სივრცით სარგებლობა ვიღაცებისთვის პრივილეგია იყო. ეს არასწორად მიაჩნია:

"რაღაც ფენისთვის უფრო მარტივი იქნება შესვლა, აბონემენტის ყიდვა, და იქნება ფენა, რომელიც ამას უბრალოდ ვერ შეძლებს. ძალან კარგად ხვდებით ამას ზუგდიდელები, რომ ეს არის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ყველა ზუგდიდელისთვის. ეს არის ცხოვრების ნაწილი, სადაც ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, ოჯახებით დადიან, კულტურის ნაწილია ჩვეულებრივი და შეუძლებელია ეს გაამართლოს იმან, რომ ყველაფერი ბაღს მოხმარდება".

ბოტანიკურ ბაღში ტარიფების დაწესების მიზანშეწონილობაზე იმსჯელეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზეც.

ბაღის დირექტორი, ზვიად ქარჩავა ამბობს, რომ ამ სივრცეს უნდა ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი და ჩამოშორდეს ეტაპობრივად მუნიციპალურ ბიუჯეტს. ამასთან, უნდა მოხდეს ბაღში "ვანდალიზმის ფაქტების" პრევენცია.

მერიაში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ბაღების ტარიფებს შორის, ზუგდიდის ბღში დაწესებული შესვლის საფასური ყველაზე იაფია.

ტარიფების დაწესებას ამ ეტაპზე არ დაეთანხმა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ბათლომე შელია.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 1 თებერვლიდან შესვლა ფასიანი ხდება. გამონაკლისი მხოლოდ მოქალაქეთა ნაწილისთვის დაიშვება. ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ: პენსიონრები; საპატიო ზუგდიდელები; ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები; ომის მონაწილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100-000 ქულას.