ახალი ამბები
ზუგდიდის მერიიდან გათავისუფლებული, საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოში იჩივლებს
ზუგდიდის მერიის ააიპ-ის "მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლიდან" დათხოვნილი თანამშრომელი, მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების ყოფილი უფროსი თამარ ქომეთიანი, საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს გზით იბრძოლებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს და დანარჩენი თანამშრომლებისგან განსხვავებით, არ გაუგრძელეს კიდევ 3 თვით, დეკემბრის ბოლოსთვის დასრულებული შრომითი ხელშეკრულება.

თამარ ქომეთიანი ამბობს, რომ განყოფილება არ გაუუქმებიათ და ამ პოზიციაზე არც ვაკანსია გამოცხადებულა. მეტიც, მის შემცვლელად ამავე განყოფილების თანამშრომელი დანიშნეს.

"მე მინდა ჩემი უფლებები დავიცვა. ჩემი სამართლიანი გზით, რაც არ უნდა იყოს, ვიბრძოლო ბოლომდე და ჩემი სიმართლე დავამტკიცო. განყოფილება არ გაუუქმებიათ და რატომ ჩათვალეს საჭიროდ, რომ მაინცდამაინც ერთადერთი ადამიანი, მე გავეშვით? იმდენი არ დამიმსახურებია ქალაქისთვის, რომ სამი თვით შევენარჩუნებინე?", - აცხადებს თამარ ქომეთიანი.

გათავისუფლებულისთვის ცნობილი იყო, რომ შრომითი ხელშეკრულების ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს იწურებოდა, თუმცა არ ჰქონდა ინფორმაცია, გააგრძელებდა თუ არა ააიპ-ი მასთან თანამშრომლობას. ამიტომ, საახალწლო დასვენების დღეების შემდეგ, 10 იანვარს მივიდა სამსახურში, თუმცა დაცვამ შენობაში შესვლის უფლება არ მისცა. უთხრეს, რომ "ზემოდან იყო დარეკილი". წინააღმდეგობის მიუხედავად, შენობაში შესვლა მაინც მოახერხა, "მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის" დირექტორმა დავით შამათავამ კი მასთან საუბარი არ მოისურვა და როგორც იხსენებს, "გაიქცა".

თამარ ქომეთიანის თქმით, მასზე ზეწოლა იმ პერიოდიდან იწყება, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერა ღია, ფეისბუკ პოსტით გამოუცხადა ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. გახარიას ფოტოსურათის გამოქვეყნების შემდეგ, ამბობს, რომ დავით შამათავამ კაბინეტში დაიბარა და მოსთხოვა, საკუთარი განცხადებს საფუძველზე დაეტოვებინა სამსახური, რაზეც უარი მიღო. საბოლოოდ, ამ ფაქტის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა და 10 დღით ხელფასიც "დაუკავეს".

თამარ ქომეთიანმა დახმარებისთვის "სამართლიანი არჩევნების" ზუგდიდის ოფისს მიმართა. ოფისის ხელმძღვანელ დავით ლოგუას განცხადებით, ისინი გეგმავენ გათავისუფლებულის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას. უახლოეს დღეებში სარჩელიც მომზადდება.

"ჩვენ ვგეგმავთ, დაცვის ყველა მექანიზმი გამოვიყენოთ, რომ დადგინდეს პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა და ამავდროულად, აღუდგეს მას ის უფლებამოვალეობები, რაც ხელყოფილი იქნა წარმოდგენილი სამსახურის მხრიდან. ვგეგმავთ ყველა სამართლებრივ დავაში შევიდეთ და დადგინდეს მის მიმართ პოლიტიკური ზეწოლის ფაქტი", - განმარტა დავით ლოგუამ ბრიფინგზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, საგულისხმოა, რომ ააიპ-ის დირექტორს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე არ უცნობებია მისთვის, რომ არ გეგმავდა თანამშრომლობის გაგრძელებას. მეტიც, თამარ ქომეთიანმა ორჯერ მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის გარემოების დასაბუთება, თუმცა დავით შამათავასგან ვერც ეს ინფორმაცია მიიღო.

თამარ ქომეთიანმა 27 იანვარს განაცხადა, რომ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს და სამსახურიდან გათავისუფლებულია. მისი მტკიცებით, მოტივი პოლიტიკურია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საჯარო სექტორში დასაქმებული პირი, პარტია "საქართველოსთვის" მხარდაჭერის, ან წევრობის მიზეზით გათავისუფლებაზე საუბრობს. მანამდე ააიპ-ის ყოფილმა თანამშრომელმა, კესარია წულაიამ თქვა, რომ პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის ინფორმაციით, მათი მომხრეების გათავისუფლების პროცესი დღემდე შეუქცევადია.