ახალი ამბები
გამოძიება დაიწყო დადიანების ეზოდან ბრინჯაოს ქანდაკების მოპარვის ფაქტზე
ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოდან კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკების მოპარვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით, რაც განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული, ან ეროვნული ღირებულების ნივთის, ან დოკუმენტის დაუფლებას გულისხმობს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

დანაშაული სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით - ექვსიდან ცხრა წლამდე.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ შსს-ში.

დადიანების მუზეუმის ეზოში კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მუზეუმის თანამშრომლებს დღეს დილით არ დახვდათ. ეს ფაქტი სტანდარტული შემოვლის დროს, დილით, 9 საათზე შენიშნეს.

დადიანების მუზეუმის ეზოში სკულპტურა 2018 წლის თებერვალში დადგეს. კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკებას "კოლხიშ ნანა" ეწოდა.

ის ცაიშში აღმოჩენილი ბრინჯაოს მხედარი ქალის სკულპტურის ასლია, რომელიც ძველი წელთა აღრიცხვის მეშვიდე-მერვე საუკუნეებით თარიღდება. ამასთან, წარმოადგენს პატარა იდოლეტს, ქანდაკებას, რომელსაც წარმართულ პერიოდში ღმერთებს სწირავდნენ. სკულპტურაც ამ სარიტუალო წესს ასახავს.