ახალი ამბები
საქართველო „ომიკრონის“ გავრცელების პიკშია - გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო "ომიკრონის" შტამის გავრცელების პიკშია. მისი სიტყვებით, მომდევნო რამდენიმე დღე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვების თვალსაზრისით თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პიკი და როდის გვექნება იმის სურათი, რომ ინფექციამ უკან დახევა დაიწყოს.

"მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა დღეს პიკურ მაჩვენებელზე დაბალია, საყურადღებოა დადებითობის მაღალი მაჩვენებელი. ჩვენ ორივეს ერთად უნდა დავაკვირდეთ. მომდევნო რამდენიმე დღე მოგვცემს მეტ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით მიდის ეპიდემია და როდიდან უნდა ველოდოთ უკან დახევას და შემთხვევების შემცირებას", - განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 1 350 454 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1 124 442 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 15 300 ადამიანი.