ახალი ამბები
„გააღე ბოტანიკურის ჭიკშარი“ - მუსიკალური აქცია ზუგდიდში, უფასო ბაღისთვის [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში მუსიკალური აქცია გაიმართა, სადაც კიდევ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ბოტანიკურ ბაღში, შესვლაზე დაწესებული ფასი. შეკრებილთა თქმით, ბაღი ერთადერთი სივრცეა მოქალაქეების, ახალგაზრდების განტვირთა-შეხვედრებისთვის, ამიტომ არ შეიძლება აქ ყოფნისთვის ფულს იხდიდნენ. ამიტომ, მოუწოდეს ადგილობრივ ხელისუფლებას, ყველასთვის გააღოს ბოტანიკურის ჭიშკარი.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, კაკო ჩიქობავას თქმით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილის დევნას საჯარო სივრციდან, რომლებსაც მცირე შემოსავალი აქვთ და შესაბამისად ვერ შეძლებენ თანხის გადახდას. კაკო ჩიქობავა მსგავს მიდგომას რაღაც ტიპის კლასობრივ დევნას უწოდებს და აცხადებს, რომ ბოტანიკური ბაღი ხალხის საკუთრებაა.

მანვე აღნიშნა, რომ საინიციატივო ჯგუფი არ შეწყვეტს პროტესტს მანამ, სანამ ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებას არ გადახედავს.

"სხვა გზა არ არის. თქვენ თუ დააკვირდებით, ქალაქში აზრი, რომ ბოტანიკური ბაღი იყოს უფასო, მომწიფებული კი არა, გამარჯვებული აზრია".

შეკრებილებს მიმართა პოეტმა შუკო ჯიქიამაც. ამბობს, რომ აქციაზე უსამართლო გადაწყვეტილებამ მოიყვანა, ასე ჩათვალა საჭიროდ, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. მისი თქმით, ბაღში შესვლაზე დაწესებული 2 ლარი, მისი სამი დღის სამყოფი პურის ფულია, და არამარტო მისთვის.

"მე ხომ ვარ პირსისხლიანი ქოცი. ამას აგერ ვადასტურებ...ვიღაცების მუცლის ამოსაყორად არ გაუშენებია ეს ბაღი ეკატერინე ჭავჭავაძეს. ამას როგორ აკეთებთ? დაუშვებელია", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას.

აქციაზე მიმართვების გარდა, შეკრებილებს მუსიკალური ნომრებიც შესთავაზეს და პროტესტიც ასე გამოხატეს. მუსიკოს ბუბა სორდიას თქმით, მათ არავინ მართავს და არავის ახირებას არ წარმოადგენს დაწესებული გადასახადის გაუქმების მოთხოვნაც, რადგან მოსახლეობას მართლა უჭირს საიმისოდ, რომ ბოტანიკურ ბაღში ყოფნისთვის გადაიხადოს.

აქციას შეუერთდა ზუგდიდელი სალომე ლიპარტიაც. ის ამბობს, რომ ზუგდიდი ფაქტობრივად ბოტანიკური ბაღის ირგვლივ გაშენებული ქალაქია, და როცა ადგილობრივი ხელისუფლება გიზღუდავს შუაში მოქცეულ სივრცეში შესვლას, ეს უტოლდება თავისუფლების შეძღუდვას. მისი განმრატებით, ბაღი ცალსახად უნდა იყოს უფასო და ხალხს არ უნდა უწევდეს აქციების გამართვა ამის მოსაპოვებლად.  

"მესმის, რომ იყოს განცალკევებული ადგილი ქალაქგარეთ, იმდენად დაცული, რომ თვეში ერთხელ მივდიოდე და მიღირდეს რაღაც თანხის გადახდა. ხალხი ყოველდღიურად, სამსახურში მისასვლელად ამ გზას გადის. უბრალოდ აბსურდი და შეურაცხმყოფელია. მე რაც შემიძლია, მაქსიმალურად ვეცდები მხარი დავუჭირო და მოქალაქეებს გვერდში დავუდგე", - გვითხრა სალომემ.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 1 თებერვლიდან შესვლა ფასიანი გახდა. გამონაკლისი მხოლოდ მოქალაქეთა ნაწილისთვის დაიშვება. ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ: პენსიონრები; საპატიო ზუგდიდელები; ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები; ომის მონაწილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100-000 ქულას.

ამ გადაწყვეტილებას მოქალაქეთა ნაწილმა პროტესტით უპასუხა. ერთ-ერთი პირველი აქცია ბულვარში 28 იანვარს გაიმართა. შეკრებილთა განცხადებით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ბევრია უმუშევარი და დასაქმებულების ყოველთვიური ანაზღაურებაც კი მიზერულია, ბოტანიკური ბაღი ტარიფებს არ უნდა აწესებდეს.

ბაღის დირექტორი, ზვიად ქარჩავა საპასუხოდ ამბობს, რომ ამ სივრცეს უნდა ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი და ჩამოშორდეს ეტაპობრივად მუნიციპალურ ბიუჯეტს. ამასთან, უნდა მოხდეს ბაღში "ვანდალიზმის ფაქტების" პრევენცია.

მერიაში კი მიიჩნევენ, რომ ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ბაღების ტარიფებს შორის, ზუგდიდის ბაღში დაწესებული შესვლის საფასური ყველაზე იაფია.