ახალი ამბები
თქვენი ადგილი ციხეშია და არა ამ სავარძელში - 20 ივნისს დაზარალებულის შვილი გიგა ფარულავას
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენლის, გიგა ფარულავას არჩევა გააპროტესტა 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულის, კობა ლეთოდიანის შვილმა ნათია ლეთოდიანმა. ის საკრებულოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდა.

ნათია ლეთოდიანის თქმით, რომელიც "დროას" წევრია, გახარიას პარტიის წევრის არჩევა ამ თანამდებობაზე, მთელი ქალაქის სირცხვილია. სირცხვილია მათ შორის "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის". მანვე აღნიშნა, რომ ჩხოროწყუსა და წალენჯიხის საკრებულოებში მომხდარი ასე თუ ისე ესმის, თუმცა ია კერზაიას ქალაქში მსგავსი ფაქტი წარმოუდგენლად მიაჩნია.

ნათია ლეთოდიანის სიტყვებით, "ნაციონალური მოძრაობა", გახარიას პარტიის კანდიდატის მხარდაჭერით, მონაწილე და პასუხისმგებელი გახდა იმ დანაშაულებების, რაც ყოფილმა პრემიერმა ჩაიდინა.

"არც მაკო გომური გაინტერესებთ თქვენ, არც კობა ლეთოდიანი, არც დემეტრე ნაყოფია. ვწუხვარ ამ ადამიანების გამო, რომლებიც იძულებულები გახდნენ და თავიანთ პრინციპებს და ღირებულებებს გადააბიჯეს და თქვენ აგირჩიეს..

საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეთ უტიფარი პარტიის წარმომადგენელი. მე 20 ივნისის შემდეგ ვნერვიულობ. თქვენ რომ მშვიდად იყავით, და აუდიტის დასკვნები მეტყველებს თქვენს მშვიდად ყოფნაზე, მე მას შემდეგ ვნერვიულობ. ამ ქალაქის სირცხვილია თქვენი ამ სკამში ჩაჯდომა. კი, ქოცების, ნაცების და თქვენი სირცხვილია. იმ ამომრჩეველს რა პასუხი უნდა გასცეს ოპოზიციამ, ძალიან მაინტერესებს, 2024-ში იქნება, თუ ვადამდელი არჩევნების დროს, რა პირით მიდიხართ ამომრჩეველთან და როგორ აუხსნით, რომ ეს ადამიანი ჩაჯდა დღეს სავარძელში?

თქვენ დღეს ამ სავარძელში კი არ უნდა იჯდეთ, ციხეშია თქვენი ადგილი და სასამართლოს უნდა სცემდეთ პასუხებს", - განაცხადა ნათია ლეთოდიანმა.

მის პასუხად, საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარე გიგა ფარულავამ განმარტა, რომ ამ კითხვებთან დაკავშირებით, რაც 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება, პასუხი არაერთხელ გასცეს.

თავის მხრივ, გიგა ფარულავას მიმართა "დროას" ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ. მისი სიტყვებით, ყველაფერს რომ თავი დაანებონ, მასზე მეტყველებს აუდიტის ბოლო დასკვნა, სადაც სწორედ მისი ვიცე მერად მუშაობის პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზეა საუბარი. 

"ლელოს" წარმომადგენელმა თენგიზ ქოჩუამ კი, გიგა ფარულავას, გიორგი გახარიას მმართველობის დროს ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება შეახსენა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი გიგა ფარულავა აირჩიეს. კენჭისყრაში 25-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის ენმ-ის წევრებმა. მომხრე იყო ამდენივე დეპუტატი. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

სხდომას ესწრებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია "ქართულ ოცნებას".