ახალი ამბები
მათი პოლიტიკური ქორწილი დღეს ზუგდიდში დამტკიცდა - „ოცნება“
დღევანდელი დღე ნამდვილად გამოაშკარავებაა და ლუსტრაციაა იმ ორი პარტიის, რომელიც ერთი და იგივე იდეოლოგიას ატარებს სხვადასხვა სახელებით, - განაცხადა საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან", თაზო ფაცაციამ, თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენლის არჩევის შემდეგ. მისი თქმით, საუბარია "ნაციონალურ მოძრაობასა" და მას დამსგავსებულ არა "გახარია საქართველოსთვის", არამედ "გახარია სააკაშვილისთვის" პარტიებზე.

თაზო ფაცაციას სიტყვებით, ის ამომრჩევლები, რომლებმაც თავის დროზე მხარი დაუჭირეს გახარიას პარტიას, დღეს ნამდვილად იმედგაცრუებულები და გულდაწყვეტილები არიან, რადგან ეს პარტია არ აღმოჩნდა სხვა პოლიტიკური კურსის და პლატფორმის ძალა, რაშიც მოსახლეობის დარწმუნებას ცდილობდნენ:

"აღმოჩნდა, რომ გახარია ნამდვილად არის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი. მათ პოლიტიკური ქორწილი დღეს დაამტკიცეს ზუგდიდში, როგორც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და "ქართული ოცნება" ყოველთვის დადგება და გაატარებს იმ ადამიანების ინტერესებს, რომლებსაც უნდათ ეს ქალაქი სწორად განვითარდეს და ეს ქვეყანა.

"ოცნების" წარმომადგენლის თქმით, თანამშრომლობა ნამდვილად იქნება მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც მოსახლეობის და ქალაქის ინტერესები იქნება მაღალი, და რაც მუნიციპალიტეტს დასჭირდება.

თაზო ფაცაციას ეეჭვება გახარიას პარტიის და "ნაციონალური მოძრაობის" ალიანსის ეფექტური მუშაობის, რადგან, ერთმა პარტიამ თავისი პოლიტიკური წარსულით, მეორემ მასთან გაერთიანებით, უკვე დაამტკიცა, რომ მათი საქმიანობა არ იქნება მუნიციპალიტეტისთვის სიკეთის მომტანი.

"ჩვენ ამის საშუალებას მათ არ მივცემთ, რამეთუ ბოლომდე, ყველანაირ საკითხს ისე გავატარებთ, როგორც აინტერესებს მოსახლეობას და ზუგდიდელებს. ხოლო იმ ნაწილში, სადაც ისინი ერთიანდებიან, ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ რეჟიმმა მხარი დაუჭირა "გახარია საქართველოსთვის", ხოლო მომდევნო ეტაპზე "გახარია საქართველოსთვის" რეჟიმს დაუჭერს მხარს, რაც თითქმის ერთი და იგივეა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა ზუგდიდში - ის სანგრები, ის უბედურება, ავადსახსენებელი პერიოდი და ეს ყველაფერი ერთად აღებული ქმნის იმ გარემოებას, რომ ეს არის სამარცხვინო მდგომარეობა, რაც დღეს ამ ორმა პარტიამ ზუგდიდში გააკეთა. მათ მათ ამ ტვირთის ტარება მოუწევთ ბოლომდე, როგორც ადამიანურად, ისე პოლიტიკურად", - განმარტა თაზო ფაცაციამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი გიგა ფარულავა აირჩიეს.

სხდომას დაპირისპირების გარეშე არც დღეს არ ჩაუვლია. გიგა ფარულავას არჩევა გააპროტესტა 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულის, კობა ლეთოდიანის შვილმა, "დროას" წარმომადგენელმა ნათია ლეთოდიანმა. მისი თქმით, გახარიას პარტიის წევრის არჩევა ამ თანამდებობაზე, მთელი ქალაქის სირცხვილია. სირცხვილია მათ შორის "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის".

სხდომას ესწრებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია "ქართულ ოცნებას".

ენმ-ის განცხადებით, ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება ბოლო 10 წლის მანძილზე, თუმცა პარტიებს შორის ღირებულებითი განსხვავება, მუნციპალიტეტის ინტერესმა გადაწონა.