ახალი ამბები
წალენჯიხის მერია მზადაა 20 უკრაინელი ბავშვი შეიფაროს
ოკუპირებული საბერიოს მოსაზღვრე წალენჯიხის სოფელ ფახულანში, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

მოქალაქეები აქციაზე უკრაინის, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორი წალენჯიხის მერიაა. ადგილზე იმყოფებოდა მერი გიორგი ხარჩილავა და მისი მოადგილე თამარ ბელქანია. მათ განაცხადეს, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მზადაა საჭიროების შემთხვევაში, უკრაინიდან მიიღოს 20 ბავშვი და მათზე იზრუნოს.

თამარ ბელქანიას თქმით, სოლიდარობის აქცია ფეისბუკზე დაანონსეს და მას როგორც ფახულანის, ისე ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლები შემოუერთდნენ, ვინც ფიქრობს, რომ დღეს უნდა იდგნენ აქ, სადაც 2008 წელს რუსის ჯარი იდგა.

"ჩვენ და უკრაინა ვართ ქვეყნები, რომლებმაც ვიცით, თუ რა არის რუსის ჯარი, რა არის ოკუპაცია. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 20-მდე უკრაინელი ბავშვი შევიფაროთ, მოვუაროთ. მოვუწოდებთ სხვა მუნიციპალიტეტებსაც, ჩაერთონ ამ აქციაში და ქმედითად დაუდგნენ გვერდში უკრაინელ ხალხს, რადგან იმ პრობლემას, რაც მსოფლიო უსაფრთხოებას გააჩნია დღეს, სახელი აქვს და ამ სახელს ჰქვია პუტინის რუსეთი", - განაცხადა მერის მოადგილემ.

24 თებერვალს, დაახლოებით 05:00 საათზე, მძიმე შეიარაღების გამოყენებით რუსეთის ძალები უკრაინას თავს დაესხნენ.

შედეგად, უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსული ტანკები კიევის მიმართულებით მიემართებიან

მსოფლიო ლიდერები რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და მის წინააღმდეგ სანქციებს აწესებენ.