ახალი ამბები
მიუღებელი და გაუმართლებელი - კობახიძე ელჩის გაწვევაზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინა დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ არასწორია ასეთ დროს გააკრიტიკონ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები. თუმცა, მისი თქმით, რომ ეს გადაწყვეტილება არის მიუღებელი და გაუმართლებელი იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველომ გააკეთა ბოლო დღეებში.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ელჩის გაწვევის მთავარ მიზეზად სანქციების არდაწესება დაასხელდა. მისივე განმარტებით, სანქციებს არც მოლდოვა, თურქეთი და აზერბაიჯანი, ისრაელი არ შეერთებია, ამ ქვეყნებიდან კი ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინაში ქართველი მოხალისეების გაგზავნა, სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს, რასაც არ გააკეთებენ.

"რაც შეეხება თვითმფრინავის გაგზავნის საკითხს, მე არ ვიცი ეს დეტალები. ეს არ არის ჩემი პასუხისმგებლობა და პრეროგატივა. ასეთ საკითხებში ჩართულია უშუალოდ მთავრობა. თუ აქ საუბარია იმაზე, რომ მთავრობას უნდა გაეცა ნებართვა ომში ჩასართავი მოხალისეების გაგზავნაზე, ეს ნიშნავს საქართველოს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. აქ მთავრობას, რა თქმა უნდა, უნდა მიეღო პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სამხედრო კონფლიქტში არც ამერიკის, არც ევროკავშირის ქვეყნები არ არიან ჩართული. ამბობს, რომ ანტისახელმწიფოებრივი ძალის - "ნაციონალური მოძრაობის" თავისი დანამატებით, ერთადერთი მიზანია საქართველოს ჩართვა ომში.

კითხვის პასუხად, რატომ არ მიეცათ ქართველ მოხალისეებს უკრაინეში წასვლის შესაძლებლობა, როცა არაერთმა ქვეყანამ განაცხადა, რომ მოხალისეებს შეუძლიათ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაფრინდეს ევროპაში და ჩავიდეს უკრაინაში.

"საქართველო უნდა გახდეს ცხელი ომის ნაწილი? ასე ფიქრობთ? ადამიანებს, რომლებიც ყოველ დღე აწყობენ საქართველოში პროვოკაციებს, სურთ საქართველო გახდეს ცხელი ომის ნაწილი, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. ამაზე პასუხისმგებელი ვართ ქვეყნის წინაშე", - აღნიშნა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი, იგორ დოლგოვი გაიწვია კონსულტაციებისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ მიზეზი სანქციების მიმართ გამოხატული "ამორალური" პოზიცია და უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლაა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ირაკლი ღარიბაშვილს 28 თებერვალს მოუწოდა, მოხალისეებისთვის თბილისიდან კიევში ფრენის უფლება მიეცათ.