ახალი ამბები
უწმაწური რომ არ ყოფილიყო, ტექსტი შემოვაბრუნეთ - „დროას“ მორიგი ბანერი [ფოტო]
პარტია "დროას" ზუგდიდის ოფისიდან პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინასთან მიმართებით გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, საპროტესტო ბანერი ისევ გამოფინეს.

როგორც "დროას" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ განაცხადა, 28 თებერვალს გამოფენილ ბანერზე "უწმაწური სიტყვების" მიზეზით მის წინააღმდეგ საქმე წვრილმანი ხულიგნობით აღძრეს, ამიტომ ამჯერად ტექსტი შებრუნებულად დაწერა:

"გადავწყვიტე რომ იგივე ბანერზე სიტყვები უბრალოდ შემომებრუნებინა, რათა ქალაქის ტერიტორიაზე სიმშვიდე არ დამერღვია და არავის წაეკითხა უწმაწური სიტყვები", - თქვა მარიამ სიჭინავამ.

ადგილზე ამჯერადაც იმყოფებოდნენ სამართალდამცავები, თუმცა 28 თებრევლის აქციისგან განსხვავებით, ბანერი თავად არ ჩამოუხსნიათ და ფაქტის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამასახურს შეატყობინეს.

თავის მხრივ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ამწე კალათით სცადეს საპროტესტო ბანერის ჩამოხსნა, თუმცა მათ აქციის ორგანიზატორებმა დაასწრეს.

მიუხედავად ამისა, მარიამ სიჭინავა ვარაუდობს, რომ მერია დააჯარიმებს, თუმცა გადახდას არ აპირებს. 

მერიის პრესსამსახურში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ ზედამხედველობის სამსახური განიხილავს ამ საკითხს და გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"გარე რეკლამის, ბანერების განთავსებას არეგულირებს ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს ნებართვის გაცემას. თუ არ არსებობს ნებართვა მაშინ ის უკანონოდაა განთავსებული", - განმარტეს მერიის პრესსამსახურში.

28 თებერვალს "დროას" ოფისიდან გამოფენილი საპროტესტო ბანერი პოლიციამ ჩამოხსნა. მარიამ სიჭინავა აცხადებდა, რომ ამისთვის ადგილზე 30-მდე სამართალდამცავი იყო მისული.

მისივე თქმით, ბანერზე გააკეთეს რუსულენოვანი წარწერა რომლითაც პრემიერი იმ მიმართულებით გაუშვეს, საითაც კუნძულ ზმეინიზე მყოფმა უკრაინელმა მესაზღვრეებმა რუსი ოკუპანტების ხომალდი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, 28 თებერვალს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ არის ეფექტური. მან გააკრიტიკა ოპოზიცია და თქვა, რომ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებს, "მიუხედავად იმ რაღაც ე.წ. ოპოზიციის ნარატივისა, რომელიც ჩამოყალიბდა და რომლითაც ისინი სპეკულირებენ".

პრემიერის სიტყვებით, ოპოზიცია მათ უკიჟინებს ჩაერთონ ომში და სანქციები დაუწესონ რუსეთს.

უფრო ადრე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა სანქციებს რუსეთის მიმართ.

პრემიერის ამ განცხადებებმა მოქალაქეთა უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა.