ახალი ამბები
მთავრობა სასამართლოს მიმართავს, დაადასტუროს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა
FaceBook Twitter
E-mail Print
კონსტიტუციის პატივისცემა და მის შესაბამისად მოქმედება ყველა კონსტიტუციური ორგანოს უპირველესი ვალია. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს პრეზიდენტს, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას პარლამენტში.

მმართველი პარტიის შეფასებით, სამწუხაროდ, ამ კუთხით აშკარად იკვეთება უარყოფითი ტენდენცია, მათი მოვალეობა კი მყისიერი პოლიტიკური რეაგირებაა, რათა მან კონსტიტუციური სისტემის ფუნქციონირებას რაიმე ჭარბი სირთულე არ შეუქმნას.

"ოცნება" მოუწოდებს პრეზიდენტს, გაეცნოს კონსტიტუციას და განსაკუთრებით, სამი მთავარი კონსტიტუციური ორგანოს - პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს. მათივე განცხადებით, ზურაბიშვილმა პოლიტიკურ სპექტრს შესთავაზა თამაშის მთელი რიგი ახალი წესები, რომლებიც სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირებას უკავშირდება.

მმართველი პარტიის მტკიცებით აშკარაა, რომ მისი სურვილი კონსტიტუციის მიღმა მოქმედებაა. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილს შეახსენეს, რომ სახელმწიფო სისტემის თამაშის წესებს არა პრეზიდენტი, არამედ კონსტიტუცია განსაზღვრავს, ხოლო პრეზიდენტს კონსტიტუციის გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მისცემს.

"როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობას ანიჭებს. საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპების შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართვა საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის საგანგებო თანხმობით შეუძლია. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ექვემდებარება საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული არცერთი სახელმწიფო უწყება, რაც მის მიერ ამ უფლებამოსილების განხორციელებაში ეფექტიან ჩართვას შეუძლებელსაც კი ხდის. როგორც უკვე აღინიშნა, ეს თავისებურებები საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებიდან გამომდინარეობს.

სწორედ საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა. შესაბამისი აქტი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოიცემა, ამგვარ აქტზე კი, კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ მთავრობას ეკისრება. ეს ნიშნავს, რომ ელჩის განწესების მატერიალურ უფლებამოსილებას კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს, პრეზიდენტს კი ამ სფეროში მხოლოდ სამართლებრივი და ცერემონიული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. ამასთან, თანახელმოწერის დათქმაც რომ არ იყოს დადგენილი, ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში ელჩის დანიშვნის უფლებამოსილება სწორედ ამ სახით განიმარტება - პრეზიდენტი ელჩებს ფორმალურად ნიშნავს, მათ შერჩევაზე კი, პოლიტიკურ-პრაქტიკული თვალსაზრისით, მთავრობაა პასუხისმგებელი. გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილების შესაბამისად, საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების კუთხითაც, საქართველოს კონსტიტუცია პრიორიტეტს მთავრობას ანიჭებს. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება. ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია. ჩვენ გავუფრთხილდით პრეზიდენტის ინსტიტუტს და ეს ფაქტი არ გავასაჯაროეთ, თუმცა, ახლა, როდესაც პრეზიდენტმა ის თავად გაასაჯაროვა, მასზე პოლიტიკური რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია. საინტერესოა, რომ გუშინდელ გამოსვლაში პრეზიდენტს მისი ევროპული ვიზიტების შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს, როცა 5 მარტს საგანგებო სხდომის მოწვევას სწორედ ვიზიტის შესახებ სასწრაფო მოხსენების წარდგენის აუცილებლობით ხსნიდა. ეს ფაქტი იმასაც ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი ევროპიდან რაიმე ხელშესახები შედეგის გარეშე დაბრუნდა.

სრულიად გაუგებარი იყო პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებები სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს შესახებ. უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო სამთავრობო ორგანო, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის იქმნება. ამ სამთავრობო ორგანოში არასამთავრობო სუბიექტების, პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეყვანა სისტემის ლოგიკასა და ორგანოს არსს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაშიც, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს კონსტიტუციას ვერ კითხულობს და დღემდე მის არსში ვერ გაერკვა, ან ის ამ შემთხვევაშიც კონსტიტუციის თავისებურად გადაწერას ცდილობს. მთავარსარდლის სტატუსზე მითითებაც იმ პირობებში, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს სტატუსი მხოლოდ ცერემონიული დატვირთვის მატარებელია, იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას სწორად ვერ ან არ კითხულობს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკაში უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო საქართველოს მთავრობაა. მთავრობის სხდომებთან ერთად, პრემიერ-მინისტრთან რეგულარულად იმართება ოპერატიული თათბირები უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. სწორედ ერთ-ერთ ასეთ თათბირზე იქნა მოწვეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელსაც მიეცა განმარტებები პრეზიდენტის ვიზიტის მიზანშეუწონლობის შესახებ, რაც პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა", - აცხადებენ უმრავლესობაში.

"ქართული ოცნების" განმარტებით, ბოლო პერიოდში, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევის ორი უხეში პრეცედენტი დაფიქსირდა პარლამენტის მიმართაც. კერძოდ, თავდაპირველად, პრეზიდენტმა პარლამენტში მისი მისვლის თარიღი პარლამენტთან შეთანხმების გარეშე გამოაცხადა, ხოლო, მოგვიანებით, პარლამენტთან შეთანხმების გარეშე სხდომათა დარბაზის მთავარ სივრცეში შეიყვანა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რისი უფლებაც, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს.

მმართველი პარტიის თქმით, როგორც ჩანს, პრეზიდენტი კარგად ხვდებოდა უხერხულობას, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების მიერ ელჩის გაწვევის პირობებში, ამგვარი აქტი უკავშირდებოდა და პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი განზრახვა ამ მიზეზით დაუმალა. უკრაინელი ხალხის მიმართ პატივისცემისა და სოლიდარობის გათვალისწინებით კი, ელჩის მოვალეობის შემსრულებელს აარიდეს პრეზიდენტის მიერ შექმნილი უხერხულობა და პარლამენტის სხდომაზე მის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა სათანადოდ გამოხატეს.

"გუშინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის რამდენიმე გაუგებარი განცხადება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მათ შორის ერთ-ერთი "გამორჩეული" იყო შემდეგი ფრაზა - "ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს". ამასთან, ამგვარი შეურაცხმყოფელი ფრაზის მიღმა, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობს ხელისუფლების გაუბედავ და უღირს მოქმედებაში. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მკაფიო პოზიცია გამოხატა ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და რუსული აგრესიის მიმართ რეაგირებას უკავშირდებოდა - იქნებოდა ეს ევროსაბჭოში რუსეთისთვის წევრის სტატუსის შეჩერება, გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობა, ჰააგაში შეტანილი საჩივრის თანაავტორობა თუ სხვა. თუ პრეზიდენტი გულისხმობს იმას, რომ საქართველო სანქციებს უნდა მიერთებოდა და ომში უნდა ჩართულიყო, კეთილი ინებოს, თავად გამოიჩინოს გამბედაობა და ეს ღიად თქვას. იმედი გვაქვს, ის არ იმეორებს რადიკალური ოპოზიციის ტაქტიკას, რომელიც სანქციებსა და ომზე ღიად ვერ საუბრობს, თუმცა, ყველა პროვოკაციით ცდილობს, ხელისუფლებას სწორედ აქეთკენ უბიძგოს.

არანაკლებ გაუგებარი იყო პრეზიდენტის განცხადება ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. პირველ რიგში, პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი როგორც კი ხდება მინისტრი, პოლიტიკის ელემენტარული კანონების თანახმად, ის აღარ არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ხდება მმართველი კოალიციის წარმომადგენელი. საზოგადოების ყურადღებას აღარ შევაჩერებთ იმაზე, თუ როგორია ეს ოპოზიცია, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობს. გაუგებარია, როგორ ასაბუთებს პრეზიდენტი ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტზე ოპოზიციონერის დანიშვნის მიზანშეწონილობას, როცა გუშინ თავადვე აღნიშნა დიდი ხნის წინ ცნობილი ფაქტი, რომ ოპოზიცია "დადის და (სახელმწიფოს) ძირს უთხრის". რა სარგებელი უნდა ჰქონდეს ძირგამომთხრელის დანიშვნას ევროინტეგრაციის მინისტრად, საზოგადოებას თავადაც შეუძლია განსაჯოს. გარდა ამისა, პრეზიდენტის ეს განცხადება აშკარად ემსახურებოდა საზოგადოებაში ჭარბი მოლოდინის გაჩენას ევროინტეგრაციის ტემპებთან დაკავშირებით. ევროპელი პოლიტიკოსების - ბორელის, მაკრონის, შოლცის და სხვების სიტყვები ცხადყოფს, რომ ევროკავშირის წევრობამდე საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინასა და მოლდოვას, სამწუხაროდ, არცთუ მოკლე გზა აქვს გასავლელი. გასატარებელია არაერთი რეფორმა, რასაც არაერთი წელი დასჭირდება. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლებას დღემდე ძალისხმევა არ დაუკლია და არც მომავალში დააკლებს. ამ პირობებში, გაუგებარია, რა საჭიროა ღია კარის მტვრევა, რაც რადიკალური ოპოზიციის ცნობილი ხელწერაა. როგორც გავარკვიეთ, ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციონერის დანიშვნა იყო პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლის ძირითადი სათქმელი, რაც, თავისთავად, მრავლისმთქმელია", - ნათქვამია განცხადებაში.

"ოცნება" ამბობს, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებები და "საფუძველს მოკლებული" განცხადებები განსაკუთრებული საფრთხის შემცველია იმ დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, მსოფლიო და საქართველო უსაფრთხოების განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას.

მმართველი პარტია მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, ყურადღებით გაეცნოს კონსტიტუციას და კარგად გაიაზროს საპარლამენტო რესპუბლიკის არსი, რომლის დამკვიდრებაში მან, როგორც დეპუტატმა, 2017 წელს უშუალო მონაწილეობა მიიღო. ასეთ შემთხვევაში, პარტიაში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი მომავალში მაინც იქნება დაზღვეული შეცდომებისა და გადაცდომებისგან და მისი სამომავლო ქმედებები და განცხადებები ამდენ კითხვას აღარ დატოვებს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 14 მარტს, საპარლამენტო ტრიბუნიდან, ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციაც გააკრიტიკა. თქვა, რომ დღეს ორივე მხარე სცოდავს ქვეყნის წინაშე. მისი თქმით, უმრავლესობა, თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, მოღალატედ და ომის პარტიად ნათლავს, ოპოზიცია კი, ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას, თუ გადაწყვეტილებას, უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.