ახალი ამბები
„ენმ ბოიკოტს უცხადებს ხალხს“, - ზუგდიდის საკრებულოს სხდომა გადაიდო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გადაიდო კვორუმის არარსებობის მიზეზით. სხდომას არ დასწრებია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". თავდაპირველად საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავამ ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადა, თუმცა არც ამის შეკრებილა კვორუმისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა.

სხდომა პარასკევს გაიმართება. გიგა ფარულავამ იმედი გამოთქვა, რომ ყველა ერთად, განსაკუთრებით ენმ იგრძნობს პასუხისმგებლობას, რაც აკისრიათ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის წინაშე და შეძლებენ რიგი საკითხების განხილვას.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, იმ ფონზე, როცა მძიმე ვითარებაა რეგიონში, საქართველო კი დიდი გამოწვევების და საფრთხეების წინაშეა როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკის კუთხით, ენმ უარს აცხადებს საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე.

"მაშინ, როცა ჩვენს მოქალაქეებს ყოველ დღე უძვირდებათ ფასები კონკრეტულ პროდუქტებზე, მედიკამენტები იქნება თუ საწვავი, დღეს თითოეული ჩვენგანი უნდა ვზრუნავდეთ და ვაკეთებდეთ, იგივე საკრებულოს შემთხვევაში უნდა ვზრუნავდეთ კონკრეტულ პრობლემებზე, რაც დგას ზუგდიდელების წინაშე. "ნაციონალური მოძრაობა" კი სამწუხაროდ ბოიკოტს უცხადებს საკუთარ ხალხს. მოვუწოდებთ მათ, იგრძნონ ეს პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ საკრებულოს პროცესებში. ეს პირველ რიგში აზიანებს ჩვენს ქალაქს და მუნიციპალიტეტს. თუ არ აპირებენ ამ პროცესში მონაწილეობას, აუხსნან ხალხს", - აცხადებს გიგა ფარულავა.

მისივე თქმით, თავის მხრივ მზად არიან განიხილონ ნებისმიერი ჯანსაღი წინადადება, მიუხდავად იმისა, ვინ იქნება ინიციატორი, "ოცნება" თუ "ნაციონალური მოძრაობა".

ენმ-მ დატოვა საკრებულოს წინა სხდომა. მანამდე მათ დანარჩენ დეპუტატებს გააცნეს ის საკითხები, რომელთა განხილვის პირობებშიც იმუშავებენ საკრებულოში. პარტიამ შესთავაზა საკრებულოს წევრებს მემორანდუმზე ხელმოწერა, უარის მიღების შემდეგ კი, პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. თქვეს, რომ ამ შეთანხმების მიღწევამდე არ გეგმავენ სამუშაო პროცესში მონაწილეობას.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ ისინი არ აპირებენ არანაირ მემორანდუმზე ხელის მოწერას. განმარტა, რომ ეს ის საკითხებია, რაზეც საკრებულომ ერთობლივად უნდა იმსჯელოს.

"ქართული ოცნების" დეპუტატებმა კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას პოპულისტური გამოსვლა უწოდეს.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 10 მარტს მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს და შესთავაზა საკითხები, რაზეც წარმომადგენლობით ორგანოში მუშაობას აპირებს.

ეს საკითხებია:

ზუგდიდის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაცია - საჯარო პირების კონკურსის წესით დანიშვნა და არა პოლიტიკური ნიშნით და დამკვიდრებული ნეპოტიზმით;

ზუგდიდის ააიპ-ების რეორგანიზაცია - საკრებულოს წევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა;

კერძო აუდიტის მოწვევა, რომელიც შეისწავლის და მოამზადებს ობიქეტურ დასკვნას ზუგდიდის ააიპ-ების საქმიანობაზე, საშტატო შემადგენლობაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე და სახელმწიფო შესყიდვებზე;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელფასო, 22 მილიონიანი ფონდის შემცირება და დაზოგილი თანხის სოციალური, ინფრასტრუქტურული და განათლების პროექტებისთვის მიმართვა;

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტის საფასურის გაუქმება.