ახალი ამბები
ჟურნალისტის თქმით, ზუგდიდში უკრაინის მხარდამჭერი წარწერის გადაღებისას თავს დაესხნენ
"მთავარი არხის" ინფორმაციით, "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან მისულ მის ჟურნალისტ ემა გოგოხიას და ოპერატორ ზვიად აბლოთიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაახოლებით 15-მა პირმა. როგორც ემა გოგოხია აცხადებს, პოლიციამ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი დააკავა, თავად კი გამოკითხა. ფაქტი წუხელ, გვიან ღამით მოხდა. მედიის წარმომადგენლები ზუგდიდის ცენტრში მდებარე "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გადასაღებად მივიდნენ, რომლის ფასადიც უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს და წარწერა დატოვეს მეგრულ ენაზე: ვორდით, ვარდით, სორდით?" (ვიყავით, არ იყავით, სად იყავით?). ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.

ამავე განცხადების თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.

"კონსერვატიული მოძრაობა" ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი ჯგუფის, "ალტ-ინფოს" მიერ 2021 წელს შეიქმნა. ისინი ავრცელებენ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საწინააღმდეგო გზავნილებს და რუსეთთან პირდაპირი დიალოგის ინიციატივას გამოთქვამენ. საპირისპრო აზრის მქონე ადამიანების მიმართ კი, მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევიან.

"ალტ-ინფოსა" და "კონსერვატიული მოძრაობის" წევრები აქტიურად ავრცელებენ ანტიდასავლურ, ანტილიბერალურ და სიძულვილის ენის შემცველ გზავნილებს. "ალტ-ინფოს" დამფუძნებლები იყვნენ 2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები, რომლის დროსაც ათეულობით ჟურნალისტი დაშავდა. "ალტ-ინფო" მჭიდრო კავშირშია საზოგადოებრივი მოძრაობა "ერის" დამფუძნებელთან, ლევან ვასაძესა და კრემლის ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგთან, ალექსანდრ დუგინთან, რომელიც "ალტ-ინფოს" გადაცემებშიც სტუმრობდა.

"სამართლიანი არჩევნების" კვლევით, მოძრაობამ საქართველოში მუნიციპალიტეტებში ოფისების გახსნა 2021 წლის 27 დეკემბერს ზუგდიდიდან დაიწყო და 2022 წლის თებერვლის მონაცემებით 18 ქალაქი მოიცვა.

"სამართლიანი არჩევნების" კვლევით, ხელმისაწვდომ ღია წყაროებზე დაკვირვებით, კონსერვატიული მოძრაობის" სახელზე ფინანსური შემოწირულობები არ ფიქსირდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, თითქმის ყოველკვირეულ რეჟიმში იზრდება ოფისებისა და რაიონული წარმომადგენლების რაოდენობა.