ახალი ამბები
მადლობა მამაც მეომრებს - უკრაინის საელჩო ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვაზე
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი კიევის ოლქში ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვას გამოეხმაურა.

"ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ, რომ თქვენ გვერდით დაგვიდექით და იცავთ ჩვენთან ერთად ჩვენ სახელმწიფოს. ხაზგასმით ვიტყვი, რომ ქართველი მეომრები 2014 წლიდან, ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგნენ. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ ამ გვერდში დგომას. მადლობა მამაც მეომრებს და ჩვენ მეგობრებს", - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თბილისში დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც საქართველოს უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა იმაზე თუ რა სჭირდებათ საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს.

კიევის ოლქში ორი ქართველი მებრძოლი, დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დაიღუპა. ორი მოხალისის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირევლად უკრაინაში ფრონტის ხაზზე მყოფმა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გაავრცელა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს საბოლოო მტკიცებულებაა იმისა, რომ უკრაინელების გენოციდი მიმდინარეობს.

გაეროს მონაცემებით, დაახლოებით 20 დღეში, უკრაინიდან ლტოლვილთა საერთო რიცხვმა თითქმის 3 მილიონს მიაღწია. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონმა უკრაინელმა ბავშვმა.