ახალი ამბები
დაპირისპირება ბალდის ტაძარში - მეუფე სტეფანეს მოაწინააღმდეგეები შეძახილებით „მონა“ დახვდნენ [ფოტო]
ბალდის ღვთისმშობლის ტაძარში მივიდა ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე. მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები ეპისკოპოსს შეძახილებით - "მონა" მონა" შეხვდნენ. მეუფემ კომენტარი არ გააკეთა. თქვა რომ წირვაზე მივიდა. ის შევიდა ეკლესიაში და ამ წუთებში წირვას ატარებს.

მანამდე, ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანე კალიაჯაშვილის მოლოდინში, მასთან დაპირისპირებულმა სასულიერო პირებმა ჩაკეტეს ბალდის ღვთისმშობლის ეკლესიის კარები. სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ეპისკოპოსის მხარდამჭერი მრევლი და განკვეთილი სასულიერო პირები. ადგილზე სამმართალდამცველები იყვნენ მობილიზებული, რომლებმაც შეძლეს დაძაბულობის განმუხტვა. თუმცა, პერიოდულად ეს დაპირისპირება გრძელდება. ისმის შეძახილები - "წადით მამათმავალი პატრიარქის მხარდამჭერებო", "ქათმებო", "ფარშავანგებო".

ეპარქიის მრევლი, მათ შორის საპატრიარქოს ჩოხოსნები ჩაკეტილი ტაძრის გასაღებს ითხოვდნენ, რათა მეუფეს წირვა-ლოცვის ჩატარების შესაძლებლობა მისცემოდა. თუმცა ამ მოთხოვნას არ თანხმდებოდნენ "ამბოხებული" სასულიერო პირები.

საბოლოოდ, მრევლმა მაინც მოახერხა ეკლესიის კარის გაღება. აქ მიტროპოლიტ სტეფანეს ჯერაც ელოდებიან. განკვეთილი სასულიერო პირები ამბობენ, რომ მას არ მისცემენ ტაძარში შესვლის უფლებას.

საპატრიარქოს ჩოხოსნების საზოგადოების ხელმძღვანელ ზვიად სეხნიაშვილის განცხადებით, ადგილზე მოსულებს ზარებიც კი სამრეკლოდან ჩამოხსნილი დახვდათ და ახალი თავად დაკიდეს.

"ჩვენ მოვედით წირვაზე. დიდი მარხვაა და წარმოიდგინეთ, ასეთი სიტუაცია დაგვხვდა. ამ ამბოხებულებმა ჩაკეტეს კარები და წირვის საშუალებას არ აძლევენ მღვდელმთავარს, რომელიც ელოდება, რომ გაიღება კარი. ამათ რაც უნდოდათ, ის ცირკი დადგეს. ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს. ჩვენც საკადრისი პასუხი გავეცით. ჩვენი პატრიარქის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ", - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, განკვეთილი სასულიერო პირი ათინოგენ მდივანი ამბობს, რომ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო რუსეთის აგრესიას გმობს, მიტროპოლიტმა საკვირაო ქადაგებისას აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს.

"პატრიარქის გვერდში მდგომს, ჩვენი ერის და მართლმადიდებლობის საშინლად მგმობელს მატყუარას და ურცხვ კაცს, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს მღვდელმსახურება, მე არ ვაძლევ ამის საშუალებას. ის არის ცრუ. მე ვდებ მას ბრალს სამშობლოს გაყიდვაში. 2008 წელს აქ მებრძოლები იყვნენ მოსულები. რუსულ ჯარს გამოქცეულები ჩვენ შევიფარეთ. მაშინ რა საშინელ მდგომარეობაში ვიყავით, ყველა ვტიროდით. სამშობლოს გვინადგურებდნენ. ამის გახსენების მაგივრად, უნამუსოდ ამბობს ჩვენ რომ არ შეგვეჩხიკინებინა, ეს არ იქნებოდაო. ვინ დაპატიჟა რუსეთი ჩვენს სამშობლოში? ვინ სთხოვა რუსეთს ჩვენს სამშობლოში შემოსვლა? ყველა ის მღვდელმსახური ვინც მას ემორჩილება არის მატყურა და ცრუ. ყველაფერს ველოდებით ამათგან, ესენი არიან "კაზაკები", რუსოფილები", - განმარტა მან.

მარტვილში, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთვრობიდან გაათავისუფლა. მეუფე პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ ეპისკოპოსს და ითხოვენ საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებები, რის გამოც ის დაითხოვეს.