ახალი ამბები
„მოღალატეებთან გარიგებულები“ - მმართველი პარტიის კრიტიკას დაპირისპირება მოჰყვა ზუგდიდის საკრებულოში
ზუგდიდის საკრებულოში, კომისიების თავმჯდომარეებად ოპოზიციის წარმომადგენელთა არჩევის შემდეგ, დეპუტატები, ერთის მხრივ "ქართული ოცნებიდან" და გახარიას პარტიიდან, ასევე, ენმ-დან და მმართველი პარტიიდან, ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

თავდაპირველად "ოცნების" წევრმა ნიკოლოზ ფიფიამ სამწუხარო უწოდა ფაქტს, რომ წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებას თითქმის 4 თვე დასჭირდა. მისთვის გასაგებია, რომ მიზეზი ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები და კომპრომისების ძიება აღმოჩნდა, თანამდებობების გადანაწილება და ერთგვარი "ვაჭრობა", თუმცა მიაჩნია, რომ ამ ყველაფრისთვის ეს დრო არ უნდა დახარჯულიყო. მანვე საკუთარ პოლიტიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა "პასუხისგებლობის მაღალი სტანდარტისთვის", რადგან მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერს წყვეტდნენ, ბოლომდე ესწრებოდნენ სხდომებს.

"ამდენი ხანი რატომ დასჭირდა გარიგებას? იმიტომ, რომ ეს გარიგება ვაჭრობის საგნად აქციეთ. იმედი მაქვს, მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ ვიმუშავებთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ჩავერთვებით რაღაც პროცესებში. ბევრი პრობლემა რომ არის მუნიციპალიტეტში, გვესმის. არავის მივცემთ უფლებას, რომ მუნიციპალიტეტის საზიანო გადაწყვეტილებები მიიღოს", - განმარტა მან.

მმართველი პარტიის დეპუტატს საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა. გიგა ფარულავას თქმით, დღეს "ქართულ ოცნება"ცდილობს, მთელი ეს პერიოდი, რა დროც დასჭირდა საკრებულოს დაკომპლექტებას, სხვის პასუხისმგებლობად გამოაცხადოს. სინამდვილეში კი, ფიქრობს, რომ მათი მიზანი იმთავითვე იყო პროცესების რიგგარეშე არჩევნების გზით განვითარება.

გიგა ფარულავას საპასუხოდ, მმართველი პარტიის წევრმა ჯონი ჯიქიამ აღნიშნა, რომ ისინი "მოღალატეებს" გაურიგდნენ.

"მოწინააღმდეგეს შეიძლება გარიგება დაუდო, მაგრამ მოღალატეებთან არ დაიდება. ეს იცოდეთ", - განაცხადა მან.

საკრებულოს თავმჯდომარემ კი აღნიშნა, რომ "მოღალატეობაზე" შეფასება, კონკრეტული დეპუტატის აზრია. სინამდვილეში კი, დაუშვებელი სახელმწიფო ინტერესების ღალატია.

"თქვენ პარტიას გელოდებათ "ალტ ინფოს" "კონსერვატიული მოძრაობა", რომელთანაც შეგიძლიათ გარიგება დადოთ, თუკი ასე ძალიან გინდათ", - მიმართა "ოცნების" დეპუტატს გიგა ფარულავამ და უთხრა, რომ სამწუხაროა, როცა მერიის სამსახურს ავალებენ "ალტ ინფოს" ოფისის დასუფთავებას.

საპასუხოდ ჯონი ჯიქიამ მას მმართველ პარტიაში ყოფნა შეახსენა:

"თუ რუსული პარტია იყო "ქართული ოცნება", მაშინ რა გინდოდათ? თქვენ განაგებდით არჩევნებს, ყველაფერს. გუბერნატორი რომ იყავით, მერის მოადგილე, მაშინ კარგი იყო, ხომ?"

თავის მხრივ, ენმ-ის წევრმა მაია კალანდიამ განმარტა, რომ ბევრი პოზიტიური ასპექტი აქვს ორი, სხვადასხვა გემოვნების და პოლიტიკური ორიენტაციის პარტიის თანამშრომლობას, ისევე, როგორც მმართველი პარტიის ოპოზიციაში ყოფნას.

"ასეა თუ ისეა, ჩვენ ეს პარტნიორობა გამოგვივიდა. რამდენად არის ეს ჩვენთვის ემოციურად მისაღები, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამომრჩევლის ინტერესებისთვის კარგი იქნება. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა უთხრათ თქვენს ამომრჩეველს, აქამდე რატომ გაიწელა პროცესი, გადაეცით - ამ ბატონისთვის, მანუჩარ ფიფია რომ ზის, რომ არ მოგეპარათ ბიულეტენი, ის ხმები, რაც მირანდა მესხმა თქვენი ხელისუფლების გამო მოიპარა, არჩევნები უკვე იქნებოდა ჩატარებული. ამას ყოველთვის შეგახსენებთ", - მიმართა მაია კალანდიამ ნიკოლოზ ფიფიას

"ქართული ოცნების" წევრმა თაზო ფაცაციამ კი აღნიშნა, რომ ხმები არავისთვის მოუპარავთ.

საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავას განცხადებით, მათ ორშაბათიდან საკომისიო სამუშაოები მოუწევთ, რადგან ბევრი საკითხია დაგროვილი და მერიის მუშაობა კონკრეტული მიმართულებებით არ შეფერხდეს.

დღევანდელ სხდომაზე კომისიების ხელმძღვანელი პირები აირჩიეს 25-25 ხმით. ხუთი კომისიიდან ოთხს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ, ერთს კი "გახარია-საქართველოსთვის" წევრი. მმართველ პარტიას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ფრაქციის" თავმჯდომარე ირაკლი გოგოხიამ განაცხადა, რომ ისინი კომისიებში იმუშავებენ.

წინა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს. პირველი მოადგილე ფრაქცია "ზუგდიდი საქართველოსთვის" ხელმძღვანელი მალხაზ თორია გახდა, მოადგილედ კი ენმ-ის წარმომადგენელი თეიმურაზ ბასილაია აირჩიეს.