ახალი ამბები
„დროას“ წარმომადგენელი დააჯარიმეს სახელმწიფო რწმუნებულის შენობისთვის წითელი საღებავის შესხმის გამო
"დროას" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ სიჭინავა ათასი ლარით დააჯარიმეს. მიზეზი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელი კარისთვის წითელი საღებავის შესხმაა.

მარიამ სიჭინავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ მასზე დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს. არც იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაამტყუნებს, რისი მოლოდინიც აქვს.

"ბუნებრივია გავასაჩივრებ. არცერთ თეთრს არ ვაღირსებ იმ ბიუჯეტს, საიდანაც რუსეთში გადის იარაღი. თუნდაც ყველა ანგარიში დამიყადაღონ ამის გამო", - აღნიშნა "დროას" წარმომადგენელმა.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ მარიამ სიჭინავას 1000 ლარით დაჯარიმების მიზეზი შენობის იერ-სახის ხელმეორედ დამახინჯებაა.

დღეს მარიამ სიჭინავამ რწმუნებულის ადმინისტრაციის შესასვლელ კარებს დღეს პროტესტის ნიშნად წითელი საღებავი შეასხა. მიზეზი ის გარემოებაა, რაზეც უკრაინული მხარე საუბრობს - საქართველოს გავლით რუსეთისთვის კონტრაბანდის სახით სხვადასხვა სანქცინირებული საქონლის, მათ შორის საბრძოლო მასალის მიწოდება.

"ჩვენ გუშინ ვიხილეთ ბუჩას კადრები და თავს ვგრძნობ ძალიან ცუდად იმის გამო, რომ ამ ხელისუფლებამ გამხადა ბუჩას ტრაგედიის მონაწილე მეც", - განაცხადა მარიამ სიჭინავამ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი სანქცირებული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

საქართველოს ხელისუფლება კი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ეს სრული აბსურდი და დაუსაბუთებელი განცხადებაა.