ახალი ამბები
სასამართლომ ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე ბრალდებული კიდევ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულ კიდევ შვიდ პირს პატიმრობა მიუსაჯა.

აქედან: ირაკლი წიგნაძეს, ნიკოლოზ დადვანს, მუხრან დადვანს, ბაქარ მაისურაძეს, თორნიკე გაბელიანს, დავით ქოჩიაშვილს 1-წლიანი პატიმრობა, ვანო ბურდულს კი, 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა განესაზღვრა.

2021 წლის 5 ივლისს დაკავებულებს სასჯელის ნაწილი უკვე მოხდილი აქვთ და შესაბამისად სასჯელაღსრულების დაწესებულებას რამდენიმე თვეში დატოვებენ.

გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.

ჟურნალისტებსა და და ოპერატორებზე ძალადობაში ბრალდებულთა ნაწილი, 7 პირი სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო 4 აპრილს. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ზაზა მჭედლიძეს, გიორგი ნასყიდაშვილს და გიორგი კახიანს და რომეო კეკუტიას, 1 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯათ. რაც შეეხება ილია ქებაძეს და თემურ ხარაულს, სასჯელის ზომად 1 წლით და 2 თვით პატიმრობა განესაზღვრათ.

უშანგი დათუნაშვილს 5000-ლარიანი გირაო დაეკისრა. მოსამართლემ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის მუხლი გადააკვალიფიცირა და ბრალდებულები ჯგუფური ძალადობის მუხლით გაასამართლა.

საქმეს, რომელზეც 27 პირია დაკავებული, ჯამში 56 დაზარალებული ჰყავს. მათ შორის 47 ჟურნალისტი.

5 ივლისს თბილისში,"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა ჟურნალისტებს სცემეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. თითქმის ყველა მათგანი სხვადასხვა მედიის წარმომადგენელია. განსაკუთრებულად გაუსწორდნენ კონტრაქციის წარმომადგენლები "ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც თავდასხმისგან ჟურნალისტის დაცვას ცდილობდა. მას სახეზე ოპერაციაც დასჭირდა. ლექსო ლაშქარავა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, 11 ივლისს საკუთარ ბინაში დედამ გარდაცვლილი იპოვა.

მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადეს, რომ შუალედური ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვლილი ოპერატორის სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება და შესაძლოა გარდაცვალების მიზეზიც ზედოზირება იყოს.

ლაშქარავას ოჯახი აცხადებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მანამდე ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია და მისი გარდაცვალება 5 ივლისს მიყენებულ მძიმე ტრავმებს უკავშირდება. დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ დასადგენია, გარდაიცვლებოდა თუ არა ლექსო ლაშაქარავა, მანამდე რომ მძიმე ფიზიკური დაზიანებები არ მიეღო.