ახალი ამბები
სერიოზული ბრალდებაა და ის შესაბამისი არხებით უნდა გაირკვეს მთავრობებს შორის - დეგნანი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადება ძალიან სერიოზული ბრალდებებია და მათი გარკვევა სამთავრობო არხების საშუალებით უნდა მოხდეს. ელჩი ასე გამოეხმაურა ჟურნალისტების შეკითხვას, უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, საქართველოს ტერიტორიაზეც.

"ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და ის შესაბამისი არხებით უნდა გაირკვეს მთავრობებს შორის, ეს არის ამგვარი საკითხის გამოძიების სწორი გზა. აქ მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველო არ იქნება სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - განაცხადა კელი დეგნანმა.

მისი სიტყვებით, ეს არ არის მედიის წინაშე განსახილველი საკითხი, ის მთავრობებს შორის კომუნიკაციით უნდა იქნეს გამოძიებული:

"ვფიქრობ, ეს არ არის საკითხი, რომლის განხილვაც მედიის წინ უნდა მოხდეს. ეს ძალიან სერიოზული საკითხია და მის გადასაჭრელად აუცილებელია, მოხდეს სამთავრობო არხების გამოყენება. ერთადერთი, ვინც ასეთი ურთიერთდაპირისპირებით სარგებლობს, რუსეთია მტკიცედ მოვუწოდებ, ეს საკითხი გადატანილ იყოს შესაბამის არხებზე, სადაც შესაბამისად იქნება გამოძიებული და გადაწყვეტილი", – განაცხადა კელი დეგნანმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი სანქცირებული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

ბრალდებებს ქართული მხარე უარყოფს და უკრაინის მხარეს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებს სთხოვს.