ახალი ამბები
კულებამ მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინას მიაწოდონ იარაღი, რათა არ განმეორდეს ბუჩის ტრაგედია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, მიაწოდონ საბრძოლო იარაღი უკრაინაში შეჭრილი რუსეთის არმიის დასამარცხებლად.

უნიანის კორესპონდენტის ცნობით, კულებამ ამის შესახებ ნატოს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა ბრიუსელში, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას.

"მე ჩავედი ბრიუსელში ნატოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად და მოკავშირეებთან ორმხრივი შეხვედრების გასამართად. ჩემი დღის წესრიგი ძალიან მარტივია. მასში მხოლოდ სამი პუნქტია: იარაღი, იარაღი და იარაღი", - განაცხადა კულებამ.

მან დასძინა, რომ რაც უფრო მალე მიიღებენ იარაღის მარაგს, მით მეტი ადამიანის სიცოცხლე და ქალაქები გადარჩება ისეთი განადგურებისგან, როგორიც მსოფლიომ ბუჩაში იხილა.

"რაც მეტ იარაღს მივიღებთ და რაც უფრო მალე ჩავა ის უკრაინაში, მით უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება, მით მეტი ქალაქი და სოფელი არ განადგურდება და აღარ იქნება მეტი ბუჩა. ეს არის ჩემი გზავნილი მოკავშირეებისთვის. მოვუწოდებ ყველა მოკავშირეს, გადადონ ყოველგვარი ეჭვი, დაუწმუნებლობა და მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება, რადგან რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღეს იარაღი ემსახურება მშვიდობის მიზანს ", - აღნიშნა კულებამ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს საბოლოო მტკიცებულებაა იმისა, რომ უკრაინელების გენოციდი მიმდინარეობს.