ახალი ამბები
საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ალიანსს ნატოს მინისტერიალში პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოწვევისთვის, რაც წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგ გამოხატულებას.

ხაზი გაესვა გენერალური მდივნის განსაკუთრებულ პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოსა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

"მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ. ნატოს გენერალურ მდივანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ილია დარჩიაშვილმა დავით ზალკალიანი 4 აპრილს ჩაანაცვლა.