ახალი ამბები
„ნოვაია გაზეტას" მთავარ რედაქტორს საღებავი შეასხეს
უცნობი პირი თავს დაესხა დამოუკიდებელი რუსული გამოცემა "ნოვაია გაზეტას" მთავარ რედაქტორს, ნობელის პრემიის ლაურეატ დმიტრი მურატოვს. მას მატარებლის ვაგონში წითელი საღებავი შეასხეს. როგორც "ნოვაია გაზეტას" რედაქტორი იუწყება, საღებავის შესხმამდე უცნობმა პირმა დაიძახა: "მურატოვ, აი შენ ჩვენი ბიჭებისთვის".

"კუპეში აცეტონიანი, ზეთის საღებავი შემასხეს. თვალები საშინლად მეწვის. მატარებელი მოსკოვი-სამარა. მთელ ვაგონში ზეთის სუნი დგას. მგზავრობა უკვე 30 წუთით გადაიდო. ვეცდები დავიბანო", - ამბობს მურატოვი.

დამოუკიდებელი მედია გამოცემა "ნოვაია გაზეტას" მთავარმა რედაქტორმა უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით დაიწყო ომი უკრაინასთან და არავინაა, ვისაც ომის შეჩერება შეუძლია. "ამიტომაც, ტრაგედიასთან ერთად, გვრცხვენია. მთავარსარდალი ძვირადღირებული ავტომობილის გასაღებივით ატრიალებს ბირთვულ ღილაკს" ,- აცხადებდა დმიტრი მურატოვი.

28 მარტს კი "ნოვაია გაზეტას" ონლაინ და ბეჭდვითი ვერსიის გამოცემა შეჩერდა, მას შემდეგ რაც რუსეთის მარეგულირებელი ორგანოსგან რამდენიმე გაფრთხილება მიიღო. ამის შემდეგ მურატოვმა თქვა, რომ ნობელის პრემიის ოქროს მედალს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად აუქციონზე ყიდდა. მან ნობელის მშვიდობის პრემია გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის 2021 წელს მიიღო.