ახალი ამბები
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა
პირველ კლასში რეგისტრაციის და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა. სიახლე განაპირობა "ზოგადი განათლების შესახებ კანონში" განხორციელებულ ცვლილებას, რომლის თანახმადაც, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით უნდა ჩაირიცხონ ის ბავშვები, რომელთაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.

კერძოდ:

I ეტაპი განხორციელდება 2022 წლის 20 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით. ამ პერიოდში სკოლებში დამატებით რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, რომლებიც რეგისტრაციის პირველი ეტაპისთვის თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში ვერ დარეგისტრირდნენ სკოლებში.

I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. დარეგისტრირებული ბავშვების მშობლები სკოლებში დოკუმენტების წარდგენას 2022 წლის 29 აპრილიდან 2022 წლის 6 მაისის ჩათვლით შეძლებენ.

იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ.

მეორე ეტაპზე რეგისტრაცია 10 მაისიდან 20 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი. სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში;

მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია;

ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია - 2022 წლის 24 მაისიდან დაიწყება და 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე რეგისტრატიონ.ემის.გე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2022 წლის 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

IV ეტაპი - 2022 წლის 4 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).