ახალი ამბები
„სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს, მისი მდგომარეობა გაუარესებულია“, - კონსილიუმი
საქართველოს სახალხო დმაცველის კონსილიუმის წევრებმა დღეს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. მათი შეფასებით, ბოლო ვიზიტთან შედარებით, რომელიც იანვარში შედგა, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. პაციენტი ამჟამად არის უარყოფით კატაბოლურ მდგომარეობაში - ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს - ერთგვარი თვითმონელება).

კერძოდ, კონსილიუმის წევრების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მიხეილ სააკაშვილს ფორმალურად შიმშილობა არ აქვს გამოცხადებული, წინა შიმშილობისგან განსხვავებით, მიმდინარეობს წონის კლება კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილოვანი შიმშილი (მიზეზი - ანორექსია).

"იანვრის ვიზიტის შემდეგ, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს მანკიერი წრის ჩამოყალიბება: რეზისტენტული პოსტ-ტრავმული სტრესული დაავადება, დეპრესია და ანორექსია. საკვების მიღების შემცირება (იღებს დღე-ღამეში საჭირო კალორიებზე გაცილებით ნაკლებს, დღიური დოზის 1/4-1/3-მდე, 8 კგ. წონის კარგვით 1 თვეში) და შერჩევითად ცილოვან პროდუქტებზე უარის თქმა - აუტანლობის მიზეზით;

ცილოვანი შიმშილის ფონზე განვითარებული გამოხატული და მნიშვნელოვანი კუნთების განლევა და სისუსტე;

ცხოვრების ხარისხისა და ფუნქციონერების ეფექტურობის მნიშვნელოვანი დაქვეითება", - აცხადებენ კონსილიუმის წევრები.

მათი განმარტებით, ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგადად - საკვების მიღების ასეთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა და კერძოდ - ცილოვანი შიმშილი - გარდაუვლად გამოიწვევს კუნთოვანი და ორგანული წონის მნიშვნელოვან კარგვას, ინფექციების მაღალ რისკსა და შინაგან ორგანოთა სისტემების მოქმედების მოშლას.

კონსილიუმისვე ცნობით, არ/ვერ შესრულდა სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დეკემბერ-იანვარში გაცემული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით. მედიკამენტოზურმა მკურნალობამ, რომელიც ამ პერიოდის შემდეგ პაციენტს მიეწოდებოდა, შედეგი არ გამოიღო და მდგომარეობა დამძიმდა. შესაბამისად, მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელება, ანალოგიურ პირობებში, დასახელებული რეკომენდაციების შეუსრულებლად, იქნება არაეფექტიანი, მომავალში კვლავ ვერ გამოიღებს დადებით შედეგებს და გამოიწვევს პაციენტის მდგომარეობის ზემოაღნიშნული ფორმით მკვეთრად დამძიმებას, რამაც, შესაძლოა, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს.

ყოფილმა პრეზიდენტმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ისაუბრა. სასამართლო პროცესზე ცოტა ხნით შესვენებაც იყო გამოცხადებული, რადგან მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ექიმის დახმარება სჭირდებოდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თქმით კი, უსაფუძვლოა ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.