ახალი ამბები
განცხადებები, თითქოს სააკაშვილს არ მიეწოდება ადეკვატური მკურნალობა, არის სიცრუე - პენიტენციური
სპეციალური პენიტენციური სამსახური მორიგ განცხადებას ავრცელებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მათი მტკიცებით, მუდმივი მონიტორინგი ქვეშა პატიმარი და მას სათანადო მკურნალობა უტარდება.

პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ ნებისმიერი განცხადება, თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდება ადეკვატური მკურნალობა, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა.

სამსახური ირწმუნება, რომ სრულად უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი მედიკამენტებით. თუმცა, იგი, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის მიუხედავად, საკუთარი გადაწყვეტილებით არ იღებს მისთვის გათვალისწინებული პრეპარატების გარკვეულ ნაწილს.

"მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. დამატებით, მას აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში არსებული ფართო ჩამონათვალიდან კვების ნებისმიერი პროდუქტი. გარდა ამისა, იგი რეგულარულად იღებს ამანათებსაც. შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის სრულად ხელმისაწვდომია საკვების მრავალფეროვანი რაციონი.

შესახლების დღიდან მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა 788 ვიზიტორი და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირს აქვს მისი მონახულების შესაძლებლობა. მას აქვს ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე ყოფნისა და გასეირნების უფლება, რასაც არ იყენებს, საკუთარი გადაწყვეტილებით. ასევე, სრულად დაცულია მისი ყველა სხვა უფლება. შესაბამისად, აპელირება მისი უფლებების შესაძლო დარღვევაზე არის მანიპულაციური მეთოდით არსებული ვითარების მკვეთრად დამახინჯების მცდელობა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მასთან იმყოფებოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც 28 აპრილს პენიტენციურ სამსახურს მიაწოდა დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ. დასკვნის დანართი, სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით, არ არის საჯარო. დოკუმენტი მოიცავს მსჯავრდებულის ჩივილებს, მიღებულ მედიკამენტებს, ექსპერტების შთაბეჭდილებებსა და დამატებით რეკომენდაციებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს აქვს კითხვები, რომლებიც მოკლე ვადაში მიეწოდება სახალხო დამცველს. არგუმენტირებული პასუხის მიღების, გაანალიზებისა და პოზიციების დაზუსტების შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები", - ნათქვამია განცხადებაში.

პენიტენციური სამსახური მოუწოდებს "პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს", შეწყვიტონ მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია.

ყოფილმა პრეზიდენტმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ისაუბრა. სასამართლო პროცესზე ცოტა ხნით შესვენებაც იყო გამოცხადებული, რადგან მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ექიმის დახმარება სჭირდებოდა.

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა 27 აპრილს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. მათი შეფასებით, ბოლო ვიზიტთან შედარებით, რომელიც იანვარში შედგა, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული.

გუშინ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვეს და მთავრობას ვადა 2 მაისის 18:00 საათამდე მისცეს.

ამასთან, 16 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი სათანადო მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ, მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად 50 დღე იშიმშილა.