ახალი ამბები
წალენჯიხაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
წალენჯიხაში გაიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია,სადაც მუნიციპალიტეტის მერმა გია ხარჩილავამ მიმართა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, რომ ყველა ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის "სიცოცხლის უფლების და თავისუფლების უზრუნველყოფისთვის ბრძოლაში". როგორც მერმა აღნიშნა, წალენჯიხის მოსახლეობა თავადაც იქნება აქციების ორგანიზატორი და შეუერთდება კიდევაც ამ მოთხოვნით გამართულ ყველა სხვა აქციას.

"მოვუწოდებ ყველას იმგვარი აქტიურობისკენ, რომ ჩვენმა აქტიურობამ, თვითორგანიზებულობამ ხელისუფლებას შეუქმნას ის პირობები, რომ სასწრაფოდ იყოს გადაწყვეტილი ეს მნივნელოვანი, ისტორიული საკითხი - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა, თავისუფლების უზრუნველყოფა და ზოგადად ქვეყანაში იმ ტიპის სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა, რომელსაც შემდეგში ენდობა მოსახლეობა, ქვეყანა და თაობები.

მე მესმის, რომ ადამიანს, რომელიც თავისი ნებით ჩამოვიდა, ჩააბარა თავისი თავისუფლება, 4 კედელს შორის მას ვერ წაართვეს თავისუფლება. მე მესმის, რომ 4 კედელს შორის მას ვერ წაართვეს ღირსება და ახლა ხელისუფლებას უნდა იმ პირობებში, როცა პატიმარს თავისუფლება და ღირსება ვერ წაართვა, გაილაშქროს ერთადერთ დარჩენილ უფლებაზე - სიცოცხლის უფლებაზე. ამიტომ მთელ საზოგადოებას მოვუწოდებ, დავიბრუნოთ ჩვენი ღირსება და ჩვენი თავისუფლების უფლება", - განაცხადა წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა 2 მაისს გამართულ ბრიფინგზე ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები დაანონსა. პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმებმა დავით და გიორგი სააკაშვილებმა განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით მთავრობისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. ისინი აპირებენ შეხვედრების დაწყებას სამოქალაქო საზოგადოებასთან და რეგიონებში მოქალაქეებთან.

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა 27 აპრილს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. მათი შეფასებით, ბოლო ვიზიტთან შედარებით, რომელიც იანვარში შედგა, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული.

ამასთან, 16 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი სათანადო მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ, მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კი ირწმუნება, რომ ექსპრეზიდენტი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და მას სათანადო მკურნალობა უტარდება.