ახალი ამბები
ზუგდიდში გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ
ზუგდიდის ბაზრის ადმინისტრაცია და თანამშრომლები გარევაჭობის აკრძალვას ითხოვენ. ამბობენ, რომ წლებია ეს პრობლემა ხელისუფლების მცდელობების მიუხედავად მოუგვარებელია.

ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნონა ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ არაერთხელ შესთავაზეს გარემოვაჭრეებს სივრცე, სადაც ისინი მუშაობის გაგრძელებას შეძლებდნენ, ასევე იყო შეღავათები გადასახადთან დაკავშირებით, თუმცა არავინ თანხმდება.

ბაზრის შესასვლელთან გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით შეკრებილებთან კომენტარი გააკეთა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ.

მისი თქმით, სავაჭრო ობიქეტის გარე და შიდა ტერიტორიაზე დასაქმებულთა ინტერესების გასათვალისწინებლად, ორივე მხარის მონაწილეობით გაიმართება კონსულტაციები და "ბალანსის დაცვით" მიიღება გადაწყვეტილება:

"აქ მთავარია, ჩვენ შევქმნათ ალტერნატივა, ბაზრის ტერიტორიაზე. გავმართავთ კონსულტაციებს, როგორც ბაზრის ადმინისტრაციასთან, ისე გარემოვაჭრეებთან, შევთავაზებთ მათ გადაინაცვლონ იმ ტერიტორიაზე სადაც ვაჭრობა უფრო მეტად ორგანიზებული იქნება, მოქცეული იქნება სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებში და რა თქმა უნდა, ეს ყველამ უნდა დავიცვათ. ჩვენ გავითვალისწინეთ ბევრი ფაქტორი, სოციალური პრობლემები მოვაჭრეების, ასე შემდეგ. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ გარკვეული საფუძველი აქვს დღეს გამოსული ადამიანების პროტესტს, იმის გამო, რომ ისინი იხდიან გადასახადებს, საიჯარო მოსაკრებელს, ექვემდებარებიან რეგულაციებს, მაგრამ გარკვეული კატეგორია, რომელიც გარეთ ვაჭრობს პერიმეტრზე ამ გადასახადისგან თავის არიდების პოზიციაშია, აქედან გამომდინარე ჩვენ ვცდილობთ ყველა მოექცეს ერთ სიტუაციაში",- განაცხადა ზუგდიდის მერმა.

გარევაჭრობის აკრძალვას წლების განმავლობაში ცდილობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა გარემოვაჭრეების ყოველი პროტესტის შემდეგ ისევ აძლევდნენ მუშაობის გაგრძელების უფლებას. გარემოვაჭრეებს სხვადასხვა ლოკაციაზე შესთავაზეს სამუშაო სივრცეც. მოვაჭრეებმა ყველა მათგანი დაიწუნეს ერთადერთი მიზეზით, რომ ადგილის შეცვლით კარგავენ მყიდველებს, შედეგად კი ოჯახები, რომელთა შემოსავლის ერთადერთ წყაროც ვაჭრობაა, საარსებო მინიმუმის გარეშე რჩება.